წარმატებული ამხანაგური მატჩი ევრო 2023-მდე - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური მატჩი კვიპროსთან გამართა და 2:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა და ანგარიში სწრაფად გახსნა. მატჩი სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც გიორგი გულიაშვილისა და გიორგი მოისწრაფიშვილის განვითარებული შეტევა გიორგი წიტაიშვილმა შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით დაასრულა. პირველ ტაიმში თავის გამოჩენა ისევ გულიაშვილს (სამჯერ), მოისწრაფიშვილსა და გაგუას შეეძლოთ, მაგრამ სიზუსტე დააკლდათ და ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ჩვენი გუნდის გოლში მონაწილეობა კვლავ წიტაიშვილმა მიიღო. მის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ საბა ხვადაგიანმა ზუსტად დაარტყა – 2:0.
ამის შემდეგ ქართველი ახალგაზრდები მეტოქის კარს კვლავ უტევდნენ, სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველო U21 – კვიპროსი U21 2:0
გოლები: 1:0 წიტაიშვილი (3. მოისწრაფიშვილის პასით), 2:0 ხვადაგიანი (51. წიტაიშვილის პასით).
საქართველო: ლუკა კუტალაძე (84. ნოდარ ყალიჩავა), საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხვადაგიანი (60. ცოტნე კაპანაძე), გიორგი მოისწრაფიშვილი (75. გაბრიელ სიგუა), ნიკა გაგნიძე (84. შოთა ნონიკაშვილი), ნოდარ ლომინაძე (60. ოთარ მამაგეიშვილი), გიორგი წიტაიშვილი (84. ლევან ნონიკაშვილი), გიორგი გულიაშვილი, გიორგი გაგუა (75. ნიკა ხორხელი).
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს ბათუმი არენა უმასპინძლებს.