წაგების მიუხედავად - კვარაცხელია „ნაპოლიში“ მაინც საუკეთესო იყო #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში ყველაზე მტკივნეული მარცხი იწვნია – ლუჩანო სპალეტის გუნდი „სტადიო მარადონაზე“ „მილანთან“ 0:4 დამარცხდა. ამის მიუხედავად, ქართველმა ლეგიონერმა მასპინძელ გუნდში მაინც ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში „მილანთან“ კვარაცხელიას გამოცემა whoscored-მა 7,3 ქულა დაუწერა – ანუ უფრო მეტი, ვიდრე „მილანის“ 5 ფეხბურთელს. „ნაპოლიდან“ ქართველის შემდეგ საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა საუკეთესო შეფასება ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას დაუწერა – 6,4 ქულა.
კიდევ ერთმა ანალიტიკურმა პორატალმა, sofascore-მა ნეაპოლელთა ქართველი ლეგიონერი 6 მილანელზე უკეთესად შეაფასა – 7,5 მიანიჭა. მასპინძელთაგან შემდეგ მოდის სტანისლას ლობოტკა, რომლის შეფასების გრაფაშიც 6,7 წერია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „მილანთან“ მატჩამდე იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს. მიმდინარე სეზონში ქართველი თავდამსხმელი სამჯერ დაასახელეს თვის (აგვისტო, თებერვალი, მარტი) საუკეთესო ფეხბურთელად, რაც იტალიის ჩემპიონატების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
საქართველოს ნაკრების შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.