„ვორსკლას“ მწვრთნელი - „დილა“ კარგი გუნდია, რთული შეხვედრისთვის ვემზადებით #1TVSPORT
პოლტავას „ვორსკლას“ მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ სკრიპნიკმა გორის „დილასთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც ხვალ გაიმართება.
„ვორსკლა“ ევროტურნირს 27 ივლისს ნომინალური საშინაო მატჩით დაიწყებს – შეხვედრა პოლონეთში გაიმართება. მიზეზი ისაა, რომ ფიფა და უეფა ომში ჩართულ უკრაინას საკლუბო და სანაკრებო თამაშების საკუთარ სტადიონებზე ჩატარების უფლებას არ აძლევს.
„ეს იქნება პირველი ოფიციალური თამაში, რომელიც არასოდეს იცი, როგორი გამოვა. ჩვენ ვღელავთ, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული. გორის „დილა“ ძალიან კარგი და ტექნიკური გუნდია, რომელსაც კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს.
ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ისაა, რომ ჯერ „ვორსკლას“ ოფიციალური მატჩები არ ჩაუტარებია და შესაძლოა, ამან ფეხბურთელებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. „ვორსკლას“ ძალიან რთული შეხვედრა ელის, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და მხოლოდ შემდეგ გავიხედოთ მეტოქისკენ.
„დილასთან“ სათამაშო გეგმა უკვე შევადგინეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არის დეტალები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ. ამ შეხვედრისთვის ჩვენი გეგმები გვაქვს და დიდი იმედია, რომ ეს გაამართლებს“, – თქვა სკრიპნიკმა „ვორსკლას“ YouTube-არხზე.
გორის „დილა“ პოლტავას „ვორსკლასთან“ კონფერენსლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით შეხვედრას ხუთშაბათს, 27 ივლისს გამართავს. მატჩი პოლონეთის ქალაქ ტიხიში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.