ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა კოლაბორანტებს, ასევე იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას უზრუნველყოფენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა კოლაბორანტებს, ასევე იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას უზრუნველყოფენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს მე ხელი მოვაწერე რამდენიმე სასანქციო გადაწყვეტილებას – ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციებს. საუბარია თითქმის 150 სუბიექტზე – იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას უზრუნველყოფენ. ასევე, სანქციების კიდევ ერთი პაკეტი კოლაბორანტების წინააღმდეგაა, მათ წინააღმდეგ, ვინც აირჩია ბოროტებისთვის, ომისთვის მუშაობა. უკრაინის ყველა წარმომადგენლის ამოცანაა, გააკეთონ ყველაფერი, რომ უკრაინული სანქციები სინქრონიზებული იყოს მსოფლიოს სანქციებთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამისი განკარგულებები ჯერ არ გამოქვეყნებულა.