ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი „გამარჯვების გეგმის“ რამდენიმე პუნქტი დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში თავისი „გამარჯვების გეგმის“ ზოგიერთი დეტალი გაამჟღავნა, რომლის წარდგენასაც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და პრეზიდენტობის კანდიდატებთან, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისთან აპირებს.
ზელენსკიმ განმარტა, რომ მის გეგმას „გამარჯვების გეგმა“ ეწოდება, რადგან „გამარჯვება ნიშნავს სიძლიერეს და მზადყოფნას ძლიერი დიპლომატიისთვის“.
„მოვამზადე რამდენიმე პუნქტი. ოთხი მათგანი არის ძირითადი. კიდევ ერთი, რომელიც ომის შემდეგ დაგვჭირდება. საუბარია უსაფრთხოებაზე, უკრაინის გეოპოლიტიკურ ადგილზე, ჩვენთვის ხელმისაწვდომ ძლიერ სამხედრო მხარდაჭერაზე და იმაზე, რომ თავისუფლად უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გამოვიყენოთ ესა თუ ის ნივთი. საუბარია ეკონომიკურ მხარდაჭერაზე, რომელიც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება. თუ ჩვენს გეგმას შეაფასებს და მხარს დაუჭერს პრეზიდენტი ბაიდენი და თუ ის და მისი გუნდი კიდევ რამეს დაამატებენ, რაც ჩვენს პოზიციას გააძლიერებს, ჩვენ მზად ვიქნებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, რაში მდგომარეობს დონალდ ტრამპის გეგმა რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების შესახებ.
„არ ვიცი დეტალები იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ის და რას ნიშნავს ეს. ჩემი პოზიციაა – საარჩევნო პერიოდი და საარჩევნო გზავნილები არის საარჩევნო გზავნილები. ზოგჯერ ისინი არ არის ძალიან რეალური. ამიტომ ვფიქრობ, შეიძლება, ჩვენი ხალხი აანერვიულოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.