ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და უკრაინის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და უკრაინის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და უკრაინის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ონლაინშეხვედრაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის დიდხანს გაგრძელება თავისუფლების დიდი დანაკარგია არამხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მოქმედებებმა მსოფლიო სასურსათო კრიზისის ზღვარზე მიიყვანა.

ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ წევრებს მოუწოდა, გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები.

„რა გვჭირდება ჩვენ თავისუფლების დასაცავად გამარჯვებისთვის? პირველ რიგში, შეიარაღება. მადლობას გიხდით იმ შეიარაღებისთვის, რაც უკვე მივიღეთ. მეორე მსოფლიო ომის მსგავსად, თავისუფლების ბედი ახლაც ბრძოლის ველზე წყდება. ამიტომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა შეიარაღება და აღჭურვილობა, რაც დაგვეხმარება ტირანიის დამარცხებაში. მეორე არის სანქციები. უკრაინა ყოველთვის მადლობელი იქნება უპრეცედენტო სანქციების დაწესებისთვის, მაგრამ ომი ჯერ კიდევ გრძელდება. ექსპერტთა სპეციალურმა საერთაშორისო ჯგუფმა მაიკლ მაკფოლისა და ანდრეი ერმაკის თავმჯდომარეობით შეიმუშავა სამოქმედო გეგმა ამ ომის გამო რუსეთზე სანქციების გასაძლიერებლად. მისი განხორციელება აუცილებელია. არავითარი ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები რუსეთთან, ვიდრე რუსეთი გამომუშავებულ ფულს ხარჯავს უკრაინისა და მთელი ევროპის თავისუფლების განადგურებისთვის. მესამე მნიშვნელოვანი პუნქტი არის ფინანსური დახმარება უკრაინისთვის და ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის. როგორც მარშალის გეგმამ ითამაშა ისტორიული როლი ევროპის აღმშენებლობაში და განვითარებისა და ზრდისთვის ახალი პირობების შექმნაში, ახლაც საჭიროა მსგავსი გეგმა. მსოფლიომ დაინახოს, რომ თავისუფლება იმარჯვებს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ცხოვრებაშიც. ომი გრძელდება და ამ პირობებში ჩვენ ყოველ თვეში ხუთიდან შვიდ მილიარდამდე დოლარის დახმარება გვჭირდება. ომის დასრულების შემდეგ საჭირო იქნება ყველაფრის აღდგენა, რაც რუსებმა დაანგრიეს. ამისთვის დაახლოებით 600 მილიარდი დოლარი დაგვჭირდება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.