ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთმა და ომის მომხრეებმა მზარდი ფასი გადაიხადონ რუსული სახელმწიფო ტერორისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთმა და ომის მომხრეებმა მზარდი ფასი გადაიხადონ რუსული სახელმწიფო ტერორისთვის

უკრაინაში და თავისუფალ სამყაროში ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთმა და ომის მომხრეებმა მზარდი ფასი გადაიხადონ რუსული სახელმწიფო ტერორისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, აგვისტოს მეორე ნახევრიდან ძალიან აქტიური მოლაპარაკებები და შეხვედრები იწყება. მათ შორის იქნება ყირიმის პლატფორმა, ახალი ვიდეომიმართვები და საერთაშორისო სამართლებრივი აქტივობა.

„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და იმაზე, რომ ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეების სტიმულირება განვახორციელოთ, იგრძნონ პასუხისმგებლობის ნაწილი იმაზე, რაც ხდება. რუსული პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში სავიზო შეზღუდვის შესახებ დისკუსია ყოველდღიურად ფართოვდება, მას ახალი სახელმწიფოები და ახალი პოლიტიკოსები უერთდებიან. საბოლოო ჯამში, ამან უნდა გამოიწვიოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაზვერვის ოფიცრების, სამართალდამცველების, ჟურნალისტებისა და ყველა იმ პირის საშუალებით, ვინც მუშაობს რუსი სამხედროების ვინაობის დადგენაზე, უკრაინა და მისი პარტნიორები სულ უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ იმ პირების შესახებ, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი უკრაინის ქალაქებში მოსახლეობის ტერორსა და წამებაზე.

„მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ბოროტება ასეთ მასშტაბს აღწევს, ადამიანების დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, მაშინ არ იბრძვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ ამას. და სადაც არ უნდა იყოთ – როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უნდა ჟღერდეს უკრაინის მხარდასაჭერად და შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის მიისწრაფოდა მშვიდობისკენ და რუსეთის ხელმძღვანელობას არაერთხელ შესთავაზა სხვადასხვა მოლაპარაკებების ფორმატში ომის დასრულება და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისგან გათავისუფლება.

„მაგრამ, ვიდრე რუსეთს სჯერა ტერორის, თავისი პროპაგანდისტული ილუზიების ტყვეობაშია და ჯერჯერობით იმედოვნებს, თითქოს რაღაცას მიაღწევს შანტაჟის სხვადასხვა ფორმით, ვერ შეძლებს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, უნდა ვუპასუხოთ ტერორის ყოველ გამოვლინებას, ყველა დაბომბვას, სასტიკ დაბომბვას, რომელიც არ წყდება არც ერთი დღე. სამწუხაროდ, დანაკარგები გვაქვს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა დონეზე და ყველა ფრონტზე, გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად, შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა და კიდევ უფრო მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციაში. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი, რაც ნიშნავს, რომ ეს ომი ნაკლებ ხანს გაგრძელდება. თითოეულმა უკრაინაში და თავისუფალ სამყაროში უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მათ ძალებშია და რაც შესაძლებელია, რათა რუსეთმა და ომის მომხრეებმა სულ უფრო დიდი ფასი გადაიხადონ რუსული სახელმწიფო ტერორისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.