ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს ევროკავშირის, როგორც ძლიერი გაერთიანების მომავალს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განსაზღვრავს ევროკავშირის, როგორც ძლიერი გაერთიანების მომავალს, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან განიხილა.
„ეს არის საკვანძო პოლიტიკური საკითხი სწორედ ახლა. უკვე უახლოეს კვირებში ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატობასთან დაკავშირებით ჩვენს განაცხადზე. მიმაჩნია, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპული პროექტის შესახებ, იმის შესახებ, აქვს თუ არა მას მომავალი, როგორც ნამდვილად ძლიერ გაერთიანებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვიდეომიმართვაში უკრაინის ლიდერმა ასევე დონბასში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„ჩვენი გმირები არ აბარებენ პოზიციებს სევეროდონეცკში. ქალაქში გრძელდება ინტენსიური ქუჩის ბრძოლები. ლისიჩანსკი, სლავიანსკი, ბახმუტი, სვიატოგორიე, ავდეევკა, კურახოვო და რუსული დარტყმების სხვა მიმართულებები – ეს დღეს დაპირისპირების ყველაზე ცხელი წერტილებია. რუსეთის არმია ცდილობს, დონბასში დამატებითი ძალები აამოქმედოს, მაგრამ 103-ე დღეა და უკრაინის დონბასი დგას, დგას მტკიცედ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 32 ჟურნალისტი დაიღუპა.