ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ იმის გამო, რომ ზოგიერთმა ვერ იპოვა საკუთარ თავში გამბედაობა, გადასცეს უკრაინას აუცილებელი იარაღი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ იმის გამო, რომ ზოგიერთმა ვერ იპოვა საკუთარ თავში გამბედაობა, გადასცეს უკრაინას აუცილებელი იარაღი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს იმ ქვეყნებს, რომლებსაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ეშინიათ და აცხადებს, რომ შიში მათ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილ კატასტროფაზე პასუხისმგებელს ხდის. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კვირის განმავლობაში ის პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებში სიტყვით გამოსვლას გეგმავს, მათ შორის დანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საბერძნეთისა და ავსტრალიის საკანონმდებლო ორგანოებში.

„მნიშვნელოვანია, ეს იყოს არა უბრალოდ გამოსვლა პოლიტიკოსების წინაშე, არამედ საზოგადოებების წინაშე, მილიონობით ადამიანის წინაშე, რომლებსაც სურთ უკრაინის მოსმენა, მზად არიან, მოუსმინონ მას, რათა დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ, რომლებიც გრძნობენ, რომ ჩვენ საერთო თავისუფლებისთვის ვიბრძვით. ის ერთია დედამიწაზე ყველა ადამიანისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველა გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება, გამოიყენოს უკრაინელების სიცოცხლე რუსეთიდან რამე სარგებლის მისაღებად.

„უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ იმის გამო, რომ ზოგიერთმა ვერ იპოვა საკუთარ თავში გამბედაობა, გადასცეს უკრაინას აუცილებელი იარაღი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შიში ყველას პასუხისმგებელს ხდის.

„თუ ვინმეს ეშინია რუსეთის, ეშინია მიიღოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, კერძოდ, იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ თვითმფრინავები, ტანკები, საჭირო არტილერია, ჭურვები, ეს ყველა ამ ადამიანს პასუხისმგებელს ხდის იმ კატასტროფაზე, რომელიც რუსეთის ჯარებმა ჩვენს ქალაქებში შექმნეს, რადგან თუ მათ შეეძლოთ გადარჩენა – მათ უნდა გადაერჩინათ. ევროპის ხალხი, მსოფლიოს ხალხი მე ნამდვილად გამიგებს და მხარს დამიჭერს. ხოლო ყველა პოლიტიკოსი უმჯობესია, ახლავე დაფიქრდეს, რა დარჩებათ მათ, თუ ისინი თავიანთი ხალხის პოზიციების შესაბამისობაში არ იქნებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.