ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა თავისი სანქციებით ავსებს საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს
უკრაინა თავისი სანქციებით ავსებს საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის სპეცსამსახურები გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას.
„უკრაინა თავისი სანქციებით ავსებს საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენი პარტნიორების სანქციები გავრცელდეს მათზე, ვის მიმართაც უკრაინამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებებს 300-ზე მეტი იურიდიულ პირისა და 150 ფიზიკური პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. ჩვენი სპეცსამსახურები, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უშიშროების სამსახური, ასევე მინისტრთა კაბინეტი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო გააგრძელებენ შესაბამის მუშაობას. იქნება სხვა გადაწყვეტილებებიც“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სანქციები დაწესდა 300-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ რუსეთთან ერთად ან ეხმარებიან მას.