ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად
უკრაინა აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„კარგი ამბავი ტყვეების გაცვლაზე მომუშავე ჩვენი გუნდისგან. შევძელით უკრაინის დამცველი კიდევ 100 ქალისა და მამაკაცის სახლში დაბრუნება. 80 მამაკაცისა და 20 ქალის. ისინი არიან სამხედრო მოსამსახურეები, მესაზღვრეები, სამხედრო-საზღვაო ძალების მეომრები, ეროვნული გვარდიის წევრები. მათ შორის არიან „აზოვსტალის“ დამცველები. ეს არის ასი ოჯახი, რომლებმაც აღდგომის წინ ნამდვილი სიხარული მიიღეს. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა ჩვენიანი დავაბრუნოთ რუსული ტყვეობიდან. გვახსოვს თითოეული და დავაბრუნებთ!“ – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნების სამუშაოში. ასევე, მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ზრუნავს ტყვეობიდან გათავისუფლებულთა მკურნალობასა და ადაპტაციაზე.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას გამარჯვების მოახლოებაში.
„ყველაფერი, რაც აძლიერებს უკრაინის რუსული ტერორისგან დაცვას, ყველაფერი, რაც ჩვენს მეომრებს მეტ შესაძლებლობას აძლევს აქტიური მოძრაობისთვის, ყველაფერი ეს იცავს თითოეულ ადამიანს პარტნიორ ქვეყანაშიც, ევროპაში, თითოეულს მსოფლიოში. ტერმინი „მარცხი“ უნდა გახდეს ტერმინ „აგრესორის“ თანამგზავრი. ამას უზრუნველყოფს მხოლოდ უკრაინის გამარჯვება… უკრაინისთვის ბრძოლის მოგება ნიშნავს საკუთარი თავისთვის ბრძოლის მოგებას. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. განსაკუთრებით მათ, ვინც ცდილობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოგებას და სულაც არა მოწინავე ხაზზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.