ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც ის „გამარჯვების გეგმას“ ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს წარუდგენს.
„ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივფრინავთ პენსილვანიაში, შემდეგ – ნიუ იორკი, ვაშინგტონი. სწორედ ამ შემოდგომაზე წყდება, რა იქნება შემდგომ ამ ომში. პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს საჭიროა ჩვენი გამარჯვებისთვის, საერთო გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკას აქვს საკმარისი ძალა, რათა, უკრაინის მოკავშირეებთან ერთად, უზრუნველყოს მათი საჭიროებები.
„ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ისე, როგორც გათვალისწინებულია „მშვიდობის ფორმულით, გაერო-ს წესდებით“. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.