ვოლოდიმირ ზელენსკი - შარლ მიშელს ვაცნობე იმ საფრთხის შესახებ, რომელიც რუსეთმა შექმნა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დარტყმით
ვოლოდიმირ ზელენსკი - შარლ მიშელს ვაცნობე იმ საფრთხის შესახებ, რომელიც რუსეთმა შექმნა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დარტყმით

ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს ვაცნობე იმ საფრთხის შესახებ, რომელიც რუსეთმა შექმნა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დარტყმით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ერი, რომელიც თავს დაცულად გრძნობს, როდესაც ტერორისტული სახელმწიფო ატომურ სადგურს ბომბავს. ზელენსკის განცხადებით, ახლა საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პასუხი რუსეთის ამ თავდასხმებზე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„დონბასში ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. ჩვენი არმია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს რუსული ტერორი და ოკუპანტებს მაქსიმალური დანაკარგი მიაყენოს. ავდეევკას, პესკის, მარინკას, ბახმუტსა და დონეცკის რეგიონის სხვა ცხელ ზონებს მთავარი ძალისხმევა მიაქვთ და სამწუხაროდ, მრავალი სიცოცხლე. ვითარება ასევე რთულია ხარკოვის რეგიონში, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, სადაც ოკუპანტები ძალების კონცენტრირებას ცდილობენ. გასაღები ახლა, როგორც ადრე, არის იარაღი ჩვენი თავდაცვისთვის, იარაღი პარტნიორებისგან. ყოველდღე და ყოველგვარი პაუზების გარეშე ვმუშაობთ იარაღის მიწოდების გაზრდაზე, რათა ფრონტზე უფრო მძლავრი და შორი მანძილის სისტემები გავგზავნოთ. მომავალ კვირას ველოდებით სიახლეებს პარტნიორებისგან მხარდაჭერის პაკეტებთან დაკავშირებით, კარგ ამბავს. ამ ზაფხულის პერიოდში, ყოველ კვირას სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ ოკუპანტები ჩვენი ქვეყნის სამხრეთის ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმებისთვის ემზადებიან. ძალიან მარტივი რამ მინდა, ვთქვა: ყველა, ვინც რაიმე სახით ეხმარება ოკუპანტებს ამ განზრახვის რეალიზებაში, პასუხს აგებს. ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ისეთივეა, როგორიც ადრე იყო: ჩვენ არაფერს დავთმობთ და თუ ოკუპანტები ამ ფსევდორეფერენდუმების გზას გაჰყვებიან, საკუთარი თავისთვის დახურავენ უკრაინასთან და თავისუფალ სამყაროსთან მოლაპარაკების ნებისმიერ შესაძლებლობას, რაც რუსულ მხარეს გარკვეულ მომენტში აუცილებლად დასჭირდება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.