ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ომს თუ არ დაასრულებს, მათ უნდა იცოდნენ, სად აქვთ თავშესაფრები
რუსეთი ომს თუ არ დაასრულებს, მათ უნდა იცოდნენ, სად აქვთ თავშესაფრები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში არსებული ობიექტები შესაძლოა, სამიზნედ იქცეს მას შემდეგ, რაც უკრაინის მოკავშირეების მიერ მიწოდებული იარაღით მოქმედების რადიუსის შეზღუდვები მოიხსნება.
„მათ უნდა იცოდნენ, სად აქვთ თავშესაფრები. თუ ისინი ომს არ შეაჩერებენ, ეს დასჭირდებათ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ, უკრაინაში, ვუპასუხებთ. თუ ისინი თავს დაგვესხმებიან, ჩვენ ვუპასუხებთ. თუ ისინი ჩვენს ენერგეტიკას თავს დაესხმებიან, პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვუპასუხოთ ენერგეტიკულ ობიექტებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მშვიდობიან მოსახლეობას არ დაბომბავს, რადგან უკრაინელები „ტერორისტები არ არიან“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყნის სამხედრო ძალებს ისეთი დრონები აქვთ, რომლებსაც 3000 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლიათ, თუმცა აღნიშნა, რომ სურს დამატებითი იარაღის სისტემა, რომელიც დააჩქარებს ომის დასრულებას.
„პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, მე გუშინ ვუთხარი, რაც გვჭირდება. გვჭირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვიყენებთ. თუმცა თუ ეს გვექნება, ვფიქრობ, ეს პუტინზე დამატებითი ზეწოლა იქნება, რომ დაჯდეს და ისაუბროს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.