ვოლოდიმირ ზელენსკი - რუს სამხედროებს ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკის ოლქებში არ უნახავთ მარცვალიც კი მხარდაჭერისა, რომლის იმედიც ასე ძლიერ ჰქონდათ, მათ დაინახეს, რომ ეს სულ სხვა სახელმწიფოა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუს სამხედროებს ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკის ოლქებში არ უნახავთ მარცვალიც კი მხარდაჭერისა, რომლის იმედიც ასე ძლიერ ჰქონდათ, მათ დაინახეს, რომ ეს სულ სხვა სახელმწიფოა

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ქალაქები, სადაც შევიდნენ რუსი დამპყრობლები, მათ ამ დრომდე არ დაემორჩილნენ. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ხალხმა თავისი პროტესტითა და ოკუპანტებისადმი დამოკიდებულებით აჩვენა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. მან სამარცხვინო უწოდა რუსეთის გეგმას, ჩაატაროს ბუტაფორული „რეფერენდუმი“ ხერსონში.

„ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკის ოლქები, არსად რუს სამხედროებს არ უნახავთ მარცვალიც კი მხარდაჭერისა, რომლის იმედიც მათ ასე ძლიერ ჰქონდათ. თუმცა, მათ დაინახეს, რომ ეს სულ სხვა სახელმწიფოა. მათ დაინახეს, რომ აქ სულ სხვა ადამიანები არიან, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები, რომლებსაც სჯერათ თავიანთი სახელმწიფოსი, რომლებსაც შეუძლიათ სხვების პატივისცემა, რადგან საკუთარ თავს სცემენ პატივს, რომლებსაც არ სურთ სხვისის წაღება, თუმცა არც თავისას არაფერს მისცემენ. რომლებიც დაიცავენ თითოეულ ქალაქს, თითოეულ ქუჩასა და მინდორს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, საბრძოლო მოქმედებების ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ჯილდო გადაეცა 9 781 დამცველს, უკრაინის გმირის წოდება კი 142 დამცველს მიენიჭა. ამასთან, ამ დროის მონაცემებით, დეოკუპირებულია 931 დასახლებული პუნქტი.

„ეს ომი უკრაინისთვის ნამდვილად სახალხო გახდა. მან აჩვენა, რომ მთელს ჩვენს ტერიტორიაზე უკრაინული იდეა მაინც ძლიერია და სახალხოა. ამ მომენტის მდგომარეობით, შესაძლებელი გახდა უკვე 931 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია. ჯერ კიდევ ბევრი ქალაქი და დასახლება რუსეთის არმიის დროებითი კონტროლის ქვეშ არის, თუმცა მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი მიწის გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია. რუსეთს შეუძლია, ხარჯოს კოლოსალური რესურსები ომის წარმოებისთვის, იმისთვის, რომ მთელ თავისუფალ მსოფლიოს დაუპირისპირდეს. შეუძლია, წაართვას თავის ხალხს ყველაფერი, რასაც შეეძლო თავად რუსეთის განვითარება და ეს პოტენციალი მეზობლების სიცოცხლის გასანადგურებლად მიმართოს. თუმცა, ისტორიის გაკვეთილები კარგად ცნობილია. თუ აპირებ ათასწლიანი რაიხის აშენებას – წააგებ. მეზობლების განადგურებას თუ აპირებ – წააგებ. ძველი იმპერიის აღდგენა თუ გსურს – წააგებ. და თუ უკრაინელების წინააღმდეგ წახვედი – წააგებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორ თვეში შეიქმნა ომის საწინააღმდეგო გლობალური კოალიცია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულია სანქციები, რომლებმაც მას მომავალი წაართვეს, უკრაინა კი ათობით ქვეყნისგან დახმარებას იღებს როგორც იარაღით, ისე ფინანსებით, საჭირო პროდუქტებით და პოლიტიკურად.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მაქსიმალურად აჩქარებს ევროკავშირისკენ მოძრაობას. როგორც მან აღნიშნა, უკრაინამ უკვე გაიარა ისტორიული მომენტი, მნიშვნელოვანი ეტაპი სპეციალური კითხვარის მიღებითა და შევსებით.

„უკვე ახლა, როდესაც ომი გრძელდება, ჩვენ უკრაინის აღსადგენად აუცილებელ ბაზას ვქმნით. ეს არის სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეთანხმებები, ეს არის სპეციალური ფონდების შექმნა ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად. უკვე ახლა, როდესაც რუსეთი ცდილობს ჩვენი ტერიტორიის დაპყრობას, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ თავისუფალ უკრაინას განვითარების მეტ შესაძლებლობას მივცემთ, ვიდრე რუსეთს შეუძლია, მისცეს არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილს, არამედ საკუთარ ტერიტორიასაც, საკუთარ სახელმწიფოსაც“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, აშკარაა, რომ უკრაინაში ყველას აწუხებს კითხვა, როდის დასრულდება ომი და დამყარდება მშვიდობა.

„აშკარაა, რომ ყოველდღე, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენი წინააღმდეგობის მესამე თვე დაიწყო, უკრაინაში ყველას აწუხებს კითხვა მშვიდობის შესახებ. იმის შესახებ, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, როდის და რა შეიძლება, იყოს გამარჯვება უკრაინისთვის. ამ კითხვაზე ერთდროულად არის და არ არის მარტივი პასუხი. როდესაც იქნება გამარჯვება, მას ყველა იგრძნობს. როდესაც დადგება მშვიდობა, მას ყველა დაინახავს. მაგრამ ეს რომ მოხდეს და მოხდეს უფრო სწრაფად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, როდის და რა იქნება ეს. ჩვენ ყოველდღე უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავხადოთ ჩვენს მიწაზე დამპყრობლების ყოფნა კიდევ უფრო აუტანელი. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. მაშინაც იყო მზად, როდესაც დონბასში ომი გრძელდებოდა. მზად არის ახლაც, როდესაც რუსეთის ინტერვენცია სრულმასშტაბიანი გახდა. მაგრამ იმისთვის, რომ რუსეთმა ეძიოს მშვიდობა, თითოეულმა უკრაინელმა კაცმა და ქალმა უნდა იბრძოლოს, უნდა დაიცვას თავისუფლება. ვინაიდან ბრძოლის ყოველი დღე ახლა – ეს არის ომის შემდგომი მშვიდობიანი ცხოვრების წლები, ჩვენი გამარჯვების შემდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.