ვოლოდიმირ ზელენსკი - პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც რუსეთს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს
ვოლოდიმირ ზელენსკი - პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც რუსეთს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს

პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც რუსეთს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 651 სისხლის სამართლის საქმე პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ სამშობლოს ღალატსა და კოლაბორაციონისტულ საქმიანობაზე.

„პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ასეთი რიგი და უკრაინის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები ძალიან სერიოზულ კითხვებს უქმნის შესაბამის ლიდერებს. თითოეული ეს კითხვა მიიღებს სათანადო პასუხს. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაყენების შესახებ. დღეს რუსეთიდან მორიგი განცხადება გავრცელდა უკრაინისთვის სავარაუდო „განკითხვის დღის“ შესახებ. რა თქმა უნდა, ასეთ დაშინებას არავინ მიიღებს. მაგრამ ნახეთ, რა ცინიკურია იმავეს თქმა დღეს – რუსეთის მიერ მალაიზიური „ბოინგის“ განადგურების მომდევნო წლისთავზე უკრაინის დონბასის ცაში. აშკარა ტერორისტულ აქტს 298 ადამიანი ემსხვერპლა, 80 ბავშვი, ათი სახელმწიფოს მოქალაქეები. რუსეთი მაშინაც მიდიოდა ამ გზაზე – ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსამდე და სპეციალურ ტრიბუნალამდე, რომელიც აუცილებლად იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. ეს რუსეთისთვის განკითხვის დღე იქნება. და არა გადატანითი მნიშვნელობით, არა როგორც ხმამაღალი გამონათქვამი, არამედ სიტყვასიტყვით. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 3 000-ზე მეტი საკრუიზო რაკეტა უკვე გამოიყენა. შეუძლებელია იმ არტილერიის და სხვა ჭურვების დათვლა, რაც გამოიყენეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მაგრამ ნამდვილად შესაძლებელია ყველა რუსი ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა, ყველა კოლაბორანტის, ტერორზე პასუხისმგებელი ყველა ადამიანის, ყველაფრისთვის, რაც ხდება 144 დღე და რვა წელზე მეტი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ესაუბრა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს და უთხრა, რომ უკრაინელები არასოდეს მიიღებენ კანადის გადაწყვეტილებას „ჩრდილოეთ ნაკადის“ ტურბინასთან დაკავშირებით, რომლის გერმანიისთვის გადაცემა, ზელენსკის თქმით, სანქციების რეჟიმის დარღვევით გადაწყდა.