ვოლოდიმირ ზელენსკი - ოდესაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, მოკლულია 14 წლის ბიჭი, 17 წლის გოგო კი დაშავებულია, რით ემუქრებოდნენ რუსულ სახელმწიფოს ეს ბავშვები?
ვოლოდიმირ ზელენსკი - ოდესაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, მოკლულია 14 წლის ბიჭი, 17 წლის გოგო კი დაშავებულია, რით ემუქრებოდნენ რუსულ სახელმწიფოს ეს ბავშვები?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე ისაუბრა. მისი თქმით, დაინგრა საერთო საცხოვრებელი და მოკლულია 14 წლის ბიჭი, 17 წლის გოგო კი დაშავებულია.

„რისთვის? რით ემუქრებოდნენ რუსულ სახელმწიფოს ეს ბავშვები და საერთო საცხოვრებელი? ასე ომობენ ისინი და ეგ არის. ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისინჩანსკში რუსეთის დაბომბვის შედეგად დაიწვა გიმნაზია, რომელიც 100-ზე მეტი წლის იყო. ისინი ამ ქალაქისთვის ბელგიელებმა ააშენეს. მან ორ მსოფლიო ომს გაუძლო. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს გიმნაზიაც თანამედროვე რუსეთისთვის საშინელი საფრთხე აღმოჩნდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, 24 თებერვლის შემდეგ რუსული არმიის მიერ მოკლულია 220 ბავშვი, 1 570 სასწავლო დაწესებულება კი დანგრეული ან დაზიანებულია. ზელენსკი აღნიშნავს, რომ ეს არასრული მონაცემებია, რადგან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის ხელისუფლებას წვდომა არ აქვს.

„ამიტომ მთელი თავისუფალი მსოფლიო გაერთიანდა, რომ არავინ გაამართლოს ნაციზმი, არ მოკლას ბავშვები, არ დაანგრიოს მშვიდობიანი ქალაქები, როგორც ამას რუსეთი აკეთებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის გეგმები და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა განიხილა. მან მადლობა გადაუხადა დანიას კიევში საელჩოს მუშაობის განახლებისთვის და აღნიშნა, რომ ეს უკვე 26-ე უცხოური წარმომადგენლობაა, რომელიც უკრაინაში დაბრუნდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გრძელდება მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე.

„უახლოეს დროში ველოდებით ევროკავშირისგან ახალ სასანქციო პაკეტს. ამ პაკეტში უნდა იყოს ენერგორესურსებიდან რუსეთისთვის შემოსავლის ბლოკირების მკაფიო ნაბიჯები, რომ ტერორისტ სახელმწიფოს არ გადასცენ ყოველდღიურად მილიარდი ევრო წიაღისეული საწვავისთვის. თუმცა, ასევე, უკვე ახლა საჭიროა შემდგომი სასანქციო ნაბიჯებისთვის მომზადება. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭირო იქნება რუსეთთან ყველა საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციის ბლოკირება, ვინაიდან ამის გარეშე მოსკოვში ვერ გაიგებენ, რომ საერთაშორისო სამართალსა და ევროპაში მშვიდობას პატივი უნდა სცენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.