ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე დადებით პასუხს ივნისში მიიღებს
ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე დადებით პასუხს ივნისში მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე დადებით პასუხს ივნისში მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის წარდგენით უკრაინამ გადადგა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე.

„დღეს ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და არა უბრალოდ ფორმალური ნაბიჯი ევროკავშირისკენ გზაზე. უკრაინამ წარადგინა სპეციალურ კითხვარზე პასუხების მეორე ნაწილი, რომელიც უნდა შეავსოს ყველა ქვეყანამ, თუკი ის მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ჩვეულებრივ ამას თვეები სჭირდება. თუმცა, ჩვენ ეს რამდენიმე კვირაში გავაკეთეთ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ათასობით გვერდისგან შედგება. დღეს ჩვენი ევროინტეგრაცია განვიხილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. უკრაინელი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადე მათ უკრაინის მხარდაჭერისთვის, ჩვენი საჭიროებებისადმი ყურადღებისთვის განსაკუთრებით ახლა, ომის რთულ პერიოდში. ისინი შესანიშნავად აცნობიერებენ, რომ ეს არის ომი არა მხოლოდ ჩვენი თავისუფლებისთვის, არამედ ყველა ევროპელის თავისუფლებისთვის. ქალბატონმა ურსულამ აღნიშნა, რომ გაოცებულია სისწრაფით, რომლითაც ჩვენმა ჩინოსნებმა კითხვარი შეავსეს. მოხარული ვიყავი, მისგან გამეგო, რომ ჩვენი სისწრაფე უბიძგებს ევროკომისიას ასევე სწრაფი მოქმედებისკენ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე დადებითი პასუხის ივნისში მიღებას ვიმედოვნებ. მადლობა გადავუხადე ევროკომისიის პრეზიდენტს ომის შემდგომ, გამარჯვების შემდგომ უკრაინის აღსადგენად ფონდის შექმნაზე მუშაობისთვისაც. ასევე ძალისხმევისთვის, რომელიც აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სასანქციო პაკეტის შესათანხმებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ოდესაში შარლ მიშელის ვიზიტზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის იქ ყოფნის მიუხედავად, რუსეთის ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. „ასეთია რუსეთის ნამდვილი დამოკიდებულება ევროპისადმი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საკუთარი თვალით ნახა, თუ რას ნიშნავს „დაბლოკილი ზღვა“. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პირველად ათობით წლის განმავლობაში, ოდესაში არ არის სავაჭრო გემების ჩვეულებრივი მიმოსვლა.

„ჩვენი აგრარული ექსპორტის გარეშე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ათობით ქვეყანა უკვე აღმოჩნდა სურსათის დეფიციტის ზღვარზე. დროთა განმავლობაში კი სიტუაცია შესაძლოა, საშინელი გახდეს. პოლიტიკოსები უკვე განიხილავენ, როგორია აფრიკის, აზიის ქვეყნებში ფასის ზრდის კრიზისისა და შიმშილის შედეგები. ეს არის რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგი, რომლის დაძლევაც მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი – ყველა ევროპელის მიერ რუსეთის ქმედითი იძულებით, რომ მან შეწყვიტოს ეს სამარცხვინო ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.