ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას თუ შეამცირებს, ვფიქრობ, ჩვენ ომს წავაგებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას თუ შეამცირებს, ვფიქრობ, ჩვენ ომს წავაგებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ არხთან, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ თუ შეამცირებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, ქვეყანა, სავარაუდოდ, ომს წააგებს.

„ისინი თუ შეამცირებენ დახმარებას, ვფიქრობ, ჩვენ წავაგებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ გვაქვს საკუთარი წარმოება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის უპირატესობის მოსაპოვებლად. ვფიქრობ, არც გადარჩენისთვის არის საკმარისი, მაგრამ ეს თუ იქნება ამერიკის არჩევანი, მაშინ გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ ტრამპს შეუძლია, გავლენა მოახდინოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე და შეაჩეროს ომი, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა, თუმცა გარკვეული დათქმებით.

„ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ გამოყენებული თუ იქნება ყველა ბერკეტი, რაც აშშ-ს აქვს, მაშინ, დიახ, მას შეუძლია, რადგან ის გაცილებით ძლიერია პუტინზე. აშშ უფრო ძლიერია. მათი ეკონომიკა უფრო ძლიერია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს ძალაც, ძალაუფლებაც და იარაღიც და მას შეუძლია, შეამციროს ენერგორესურსების ფასები. სხვათა შორის, მე მსმენია პრესაში სიგნალები პრეზიდენტ ტრამპისგან, რომ ის ფიქრობს ენერგორესურსების, ნავთობის ფასების შემცირებაზე, ეს უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.