ვოლოდიმირ ზელენსკი - ალასკის სამიტმა პუტინს მისცა ის, რაც მას სურდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ალასკაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სამიტმა ვლადიმერ პუტინს მისცა ის, რაც მას სურდა. ამის შესახებ ზელენსკიმ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ უკრაინა იქ არ იყო, რადგან მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს მისცა ის, რაც მას სურდა. მას ძალიან სურდა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა. ვფიქრობ, პუტინმა ეს მიიღო და სამწუხაროა“, – თქვა ზელენსკიმ.
რაც შეეხება ზელენსკის პუტინთან შეხვედრას, უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ პუტინმა მას ისეთი პირობები შესთავაზა, რომელსაც ვერ მიიღებდა და პუტინი აშშ-სთან თამაშობს. ჟურნალისტმა ზელენსკის შეახსენა, რომ პუტინმა მას მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა, რაზეც ზელენსკიმ ხუმრობით უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტს კიევში ჩასვლა შეეძლო.
„მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა რაკეტებისა და თავდასხმების ქვეშაა ყოველდღე. არ შემიძლია ტერორისტების დედაქალაქში ჩასვლა და ეს გასაგებია. მას ესმის ეს. ეს იგივე შეთავაზებაა, როგორც ვთქვი, რომ მას კიევში ჩამოსვლა შეუძლია. ამიტომ გასაგებია, რომ ის ამას აკეთებს, რომ კვლავ წევს ჩვენ მიერ დანიშნულ შეხვედრას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
თუმცა, ზელენსკის თქმით, ორმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა ორ ლიდერს შორის არ არის გამორიცხული, უბრალოდ რუსეთის ტერიტორიაზე არა.
„მე ვთქვი, მე მზად ვარ ნებისმიერი სახის შეხვედრისთვის, მაგრამ რუსეთში არა. ნებისმიერი სახის შეხვედრა, ორმხრივი, სამხრივი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებსაც უკრაინა ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეებისგან ითხოვს ომის დასრულების შემთხვევაში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტია შეიძლება, დაფუძნდეს მხოლოდ უკრაინულ არმიაზე.