ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას ბელგოროდის ოლქში „ილ-76“-ის ჩამოვარდნის თაობაზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას ბელგოროდის ოლქში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავის, „ილ-76“-ის ჩამოვარდნის თაობაზე.
„აშკარაა, რომ რუსები უკრაინელი ტყვეების სიცოცხლით, მათი ახლობლების გრძნობებითა და ჩვენი საზოგადოების ემოციებით თამაშობენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვა არკვევს ტყვეების ადგილსამყოფელს, თუმცა იმყოფებოდნენ თუ არა ისინი თვითმფრინავზე, ამაზე ზელენსკის არაფერი უთქვამს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ის უკრაინის სამხედრო ლიდერებსაც ესაუბრა, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოებას იძიებს.
„ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის ტერიტორიაზე – ჩვენი კონტროლის მიღმა. ფაქტები ახლა მთავარი სიტყვაა“, – დასძინა ზელენსკიმ.