ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამხედრო მეთაურობასთან თათბირზე ოკუპანტების მიერ ახალი შეიარაღების, მათ შორის ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების საკითხი განიხილა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამხედრო მეთაურობასთან თათბირზე ოკუპანტების მიერ ახალი შეიარაღების, მათ შორის ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამხედრო მეთაურობასთან თათბირზე ოკუპანტების მიერ ახალი შეიარაღების, მათ შორის ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების საკითხი განიხილა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მებრძოლები იარაღითა და საბრძოლო აღჭურვილობით უზრუნველყოს.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ განსაკუთრებით მწვავე სიტუაცია დონეცკის ოლქშია, სადაც უკრაინის ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა მტრის აქტიურობა შეაკავონ. ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტებისთვის დონბასი ნომერ პირველი სამიზნეა და შესაბამისად, დონბასი ნომერ პირველი სამიზნე არის უკრაინისთვისაც.

„დონეცკის ოლქში რუსეთის შეტევის მუდმივი მცდელობები დიდი ალბათობით ომების ისტორიაში შევა, როგორც საკუთარი სამხედროების ყველაზე ცინიკური მკვლელობა. როდესაც ვხედავთ ამ შეტევას, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რუსეთში მობილიზაცია არის ღია მცდელობა, მისცენ ადგილზე წარმოდგენილ მეთაურებს საზარბაზნე ხორცის მუდმივი ნაკადი. სხვა აზრი რუსეთის მობილიზაციაში უბრალოდ არ არის. მათ იგრძნეს, რომ წააგებენ და ცდილობენ, უბრალოდ გადაწიონ ეს მომენტი, უზრუნველყონ რამე აქტიურობა ფრონტზე, დააყენონ ვინმე იარაღით ხელში დაღუპულების ნაცვლად. სამწუხაროდ, რუსული საზოგადოება ჯერ ვერ აცნობიერებს რუსეთის ხელისუფლების მთელ სისასტიკეს თავისი ხალხის მიმართ. თუმცა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა რუსეთის თითოეულმა მოქალაქემ აღიაროს, რომ მისი საკუთარი სახელმწიფო ართმევს მას ყველაზე მთავარს – სიცოცხლის უფლებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რათა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგებინონ.

„ჩვენ ძალიან დეტალურად და გულდასმით ვამუშავებთ ამ პროექტს. ეჭვი არ მეპარება, ტრიბუნალი იქნება. პასუხს აგებს ყველა, ვინც გააჩაღა ეს დანაშაულებრივი ომი უკრაინისა და ევროპაში თავისუფლების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.