ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საბერძნეთი ე.წ. საავიაციო კოალიციას შეუერთდება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საბერძნეთი ე.წ. საავიაციო კოალიციას შეუერთდება

საბერძნეთი ე.წ. საავიაციო კოალიციას შეუერთდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის: საბერძნეთი მიიღებს მონაწილეობას F-16-ზე ჩვენი მფრინავების მომზადებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ ათენში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს თავისუფლების დაცვაში დახმარების გაწევისთვის.

უკრაინელმა პილოტებმა დანიაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე ვარჯიში უკვე დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას პილოტებისა და ინჟინრების წვრთნების დასრულების შემდეგ F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემენ.