ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მობილიზაციის შესახებ ახალი კანონი უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას დაეხმარება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მობილიზაციის შესახებ ახალი კანონი უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას დაეხმარება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვილნიუსში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მობილიზაცია ხდება შესაბამისი კანონმდებლობის ვადების მიხედვით, გრძელდება ყოველი სამი თვე. არის ბევრი მანიპულაცია, რუსული ნარატივი უკრაინაში მობილიზაციის ჩავარდნასა და ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით. ყურადღება მიაქციეთ ფაქტებს. მობილიზაცია მუდმივად გრძელდება, როგორც ეს უნდა იყოს კიდევაც საომარი მდგომარეობის დროს, კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება ერთ-ერთ კანონს, რომელიც მობილიზაციაში ცვლილებებს ეხება, რასაც კენჭი ეყარა დღეს დილით, ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართვით, არის გარკვეული ცვლილებები მობილიზაციაში, და ამის მიხედვით, დიახ, არის მათზე კონტროლის გამკაცრება, ვინც თავს არიდებს სამხედრო სამსახურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახალი კანონის გარეშეც, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მობილიზაციის კანონს არღვევდა და თავს არიდებდა სამხედრო სამსახურს, „ისედაც არღვევდა ამა თუ იმ კანონმდებლობას“.
„აქ დაფიქსირებულია ზოგიერთი ნორმის ზოგიერთი ცვლილება, რაც სამხედრო ხელმძღვანელობას დაეხმარება. შვებულებები, როტაციების გაუმჯობესება და ა.შ.“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
რადას მიერ დღეს დამტკიცებული კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ სამხედრო აღრიცხვის წესებს, ასევე იმ პირების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ.
კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში უკრაინის 18-დან 60 წლამდე მოქალაქე ყველა მამაკაცმა უნდა განაახლოს სამხედრო აღრიცხვის მონაცემები. ასევე, კანონი, აქამდე მოქმედი წესის შესაბამისად, ითვალისწინებს მობილიზაციის გადავადებას გარკვეული კატეგორიის პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის დამტკიცებამდე დოკუმენტიდან ამოიღეს დებულება დემობილიზაციის შესახებ. კანონი ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერიდან ერთ თვეში ამოქმედდება.