ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 2 მაისს, დილის 08:00 საათიდან განახლდება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 2 მაისს, დილის 08:00 საათიდან განახლდება

დღეს ომის დღეებში პირველად დაიწყო მუშაობა სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა „აზოვსტალიდან“, პირველად იყო ორდღიანი რეალური ცეცხლის შეწყვეტა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, 2 მაისს მარიუპოლიდან ევაკუაცია დილის 08:00 საათიდან განახლდება. უკრაინის პრეზიდენტმა ევაკუაციაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ევაკუაციის პროცესი არ ჩაიშლება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან უკვე 350 000 ადამიანის გამოყვანა და გადარჩენა მოხერხდა.

„დღეს საბოლოოდ მოვახერხეთ „აზოვსტალიდან“ ხალხის ევაკუაციის დაწყება. მრავალკვირიანი მოლაპარაკებების, მრავალი მცდელობის შემდეგ, სხვადასხვა შეხვედრის, მოწოდებისა და წინადადებების შემდეგ. არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ არ გვეცადა ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დღეს ომის დღეებში პირველად დაიწყო მუშაობა ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა. პირველად იყო ორდღიანი რეალური ცეცხლის შეწყვეტა. 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უკვე ევაკუირებულია – ქალები და ბავშვები, რომლებიც იქ საომარ მოქმედებებს გაურბიან „აზოვსტალში“. პროცესის ყველა სირთულის გათვალისწინებით, პირველი ევაკუირებული პირები ზაპორიჟჟიაში ხვალ დილით ჩამოვლენ. ჩვენი გუნდი მათ იქ შეხვდება. იმედი მაქვს, ხვალ შესრულდება ყველა საჭირო პირობა მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციის გასაგრძელებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.