ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი დონეცკის ოლქია, სადაც ყოველდღიურად ასობით რუსი დამპყრობელი იღუპება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი დონეცკის ოლქია, სადაც ყოველდღიურად ასობით რუსი დამპყრობელი იღუპება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი დონეცკის ოლქია, სადაც ყოველდღიურად ასობით რუსი დამპყრობელი კვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის რაკეტებისა და დრონების ტერორის ესკალაციას მსოფლიოსგან უკრაინისთვის ახალი დახმარების მიწოდება მოჰყვა პასუხად. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ დახმარებას უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდეს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღო, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვას მნიშვნელოვნად აძლიერებს.

„დღეისთვის შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთის რაკეტებისა და დრონების ტერორის ბოლო ესკალაციამ გამოიწვია მხოლოდ ის, რომ მსოფლიო პასუხობს – პასუხობს უკრაინისთვის ახალი დახმარებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ დახმარებას შეუერთდეს მეტი ქვეყანა. ფრონტზე ჩვენი ძალები აქტიური თავდაცვის მდგომარეობაში იმყოფებიან – აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ მონაკვეთზე თანდათან ვაიძულებთ მტერს უკან დახევას. დონეცკის ოლქი დამპყრობლების ყველაზე დიდი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება – ყოველდღიურად იქ ასობით მათგანი იხოცება. უკრაინული პოზიციების წინ მიწა ფაქტობრივად სავსეა დამპყრობლების ცხედრებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე რუს სამხედროებს რუსულად მიმართა და მათ პროტესტის საჯაროდ გამოხატვისკენ მოუწოდა. სიცოცხლის გადარჩენის კიდევ ერთ ვარიანტად ის რუს სამხედროებს ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს.

„ზოგიერთი რუსი სამხედრო მაინც დაფიქრდა მიმდინარე მოვლენებზე, მათ შესჩივლეს პრიმორიეს ოლქის გუბერნატორს კოლოსალური დანაკარგების შესახებ. თუმცა გუბერნატორმა, ამხანაგმა კოჟემიაკამ პასუხად, როგორც მოსალოდნელი იყო, მოიტყუა და თქვა, რომ დანაკარგი არ არის ასეთი. „არ არის ასეთი“, მაშ როგორია? ვლადივოსტოკიდან დონეცკის ოლქის პავლოვკამდე 9 000-ზე მეტი კილომეტრია, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ დანაკარგი „ასეთი არ არის“. ალბათ გუბერნატორი იქიდან უკეთესად ხედავს, მისი რეგიონიდან რამდენ სამხედროს აგზავნიან სასაკლაოზე ან მას უბრალოდ მოსკოვიდან ტყუილის თქმა უბრძანეს… ამ მოკლულთაგან უმრავლესობის ცხედრებიც ვლადივოსტოკში არ დაბრუნდება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ გუბერნატორი კაჟემიაკა გამოვა და განმარტავს, რატომ არ დაბრუნდა ყველა. ამისგან გადარჩენა შესაძლებელია არა რაღაც საჩივრებით, არამედ პირადი მოსაზრების გამოხატვით და არა ტელეგრამით, არამედ საჯაროდ; არა საჩივრებით, არამედ მკაცრი პროტესტით არა სადღაც საბნის ქვეშ, არამედ ქუჩაში მათ წინააღმდეგ, ვინც მოსკოვშია; ან უკრაინის ტყვეობაში ჩაბარებით, ასეც შეიძლება სიცოცხლის გადარჩენა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ბენიამინ ნეთანიაჰუს და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამასთან, განიხილა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ძირითადი ასპექტები.

„ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რასაც უსვამს ხაზს უკრაინა და რა უსაფრთხო მახვილებს აკეთებს ისრაელი. მჯერა, რომ შეგვიძლია, მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოები, მით უმეტეს, რომ ჩვენს წინაშე არსებული საფრთხეები დაკავშირებულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ეგვიპტეში მიმდინარე კლიმატურ სამიტზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყველა, ვინც სერიოზულად განიხილავს კლიმატურ დღის წესრიგს, ასევე სერიოზულად უნდა განიხილავდეს რუსული აგრესიის დაუყოვნებლივ შეჩერების, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთის ნამდვილ მოლაპარაკებებზე იძულების აუცილებლობას.

„ისეთ მოლაპარაკებებზე, რომლებსაც ჩვენ არაერთხელ ვთავაზობდით და ყოველთვის ვიღებდით რუსეთისგან გიჟურ პასუხებს ახალი ტერაქტებით, დაბომბვებით ან შანტაჟით. კიდევ ერთხელ: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გაერო-ს წესდების პატივისცემა, ომით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, ყველა სამხედრო დამნაშავის დასჯა და გარანტიები, რომ ეს აღარ განმეორდება. ეს არის სრულიად გასაგები პირობები“, – აცხადებს ზელენსკი.