ვოლოდიმირ ზელენსკი 15 ივნისს შვეიცარიის პარლამენტს მიმართავს, ულტრამემარჯვენე სახალხო პარტიის წევრები სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 15 ივნისს შვეიცარიის პარლამენტს მიმართავს. მიმართვა ვიდეოჩართვის რეჟიმში შედგება. ინფორმაციას უკრაინული მედია შვეიცარიის პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვეიცარიის ეროვნული საბჭოს (ქვედა პალატის) სპიკერმა, მარტინ კანდინასმა დებატების დასაწყისში განაცხადა, რომ თარიღი უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით შეირჩა.
ულტრამემარჯვენე სახალხო პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა, თომას აეშმა კი გააკრიტიკა გადაწყვეტილება ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შესახებ და განაცხადა, რომ ეს შეიძლება, განიხილებოდეს, როგორც გავლენა იმ დებატებზე, რომელიც იარაღის მიწოდებასა და საბრძოლო მასალას ეხება. მოგვიანებით აეშმა განაცხადა, რომ მისი ფრაქციის წევრების უმეტესობა უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრება.
ზელენსკი იქნება პირველი პრეზიდენტი, რომელიც შვეიცარიის პარლამენტში ვიდეოჩართვით ისაუბრებს.