დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი ჩაატარა და „ზირას“ ურთულესი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი აზერბაიჯანის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდა – ორივე შეხვედრა 0:0 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა და დაინიშნა პენალტების სერია.
პენალტის სერია „ზირამ“ უკეთ შეასრულა და 4:2 მოიგო. „ზირას“ მეკარე მეჰთი ჯენეტოვმა ერთი პენალტი მოიგერია, ერთიც ბაქოელთა ფეხბურთელმა მიზანს ააცილა. გადამწყვეტი პენალტი სწორედ დავით ვოლკოვმა შეასრულა, მეკარეს აჯობა და გუნდი აზერბაიჯანის თასის ფინალში გაიყვანა.
თასის ფინალში „ზირა“ 27 მაისს ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღს“ შეხვდება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში „გაბალა“ დაამარცხა (3:1, 5:0). აგდამელთა სათადარიგოებში იყო მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომელსაც ბოლო დროს არ ათამაშებენ.