ვოლკანოვსკი თავს კარგად გრძნობს, ავსტრალიელმა თოფურიასთან საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადება დაიწყო.
როგორც „იუთუბის“ საკუთარ არხზე დადებულ ვიდეოში ვოლკანოვსკი აცხადებს, თავს კარგად გრძნობს, ტვინის შერყევასთან დაკავშირებული პროტოკოლი გაიარა და საწვრთნელ პროცესში აქტიურად ჩაერთო.
ოქტომბერში 35 წლის ვოლკანოვსკიმ UFC-ის მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მოგებაც სცადა, თუმცა თავში მიღებული დარტყმის შემდეგ ისლამ მახაჩევთან პირველივე რაუნდში წააგო. სწორედ აღნიშნული შემთხვევის შემდეგ მას განსაკუთრებული ტესტების ჩაბარება უწევს, რათა მომდევნო ბრძოლისას ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
„პირველი სპარინგი ჩავატარე. ვიმოქმედე ტვინის შერყევასთან დაკავშირებული სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად. ყველა ტესტი წარმატებით გავიარე, სიმპტომები არ მაქვს.
მადლობა ჩემს გუნდსა და ექიმებს თანადგომისთვის. მზად ვარ, სრული დატვრითვით ჩავერთო ბრძოლისთვის მოსამზადებელ პროცესში, წინ უამრავი დრო გვაქვს“, – განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
ქართველი მებრძოლი ავსტრალიელთან ბრძოლას MMA-ში წაუგებელი ხვდება. 26 წლის ილია თოფურიამ აქამდე 14-ჯერ იბრძოლა და ყველა დაპირისპირება მოიგო. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, მას ქვემსუბუქ წონაში 13 დან 13 გამარჯვება აქვს, ხოლო საჩემპიონო ქამრის დაცვა ხუთჯერ მოახერხა.
UFC-ის ისტორიაში ქართველი მებრძოლის პირველ საჩემიონო ჩხუბს ქალაქი ანაჰეიმი 2024 წლის 18 თებერვალს უმასპინძლებს.