ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერმა“ ლასკ-ს უმასპინძლა და მორიგი გამარჯვებით ლიდერთა სამეულში ადგილი განიმტკიცა. ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრა გუნდმა საკუთარ „ლავანტალ-არენაზე“ გამართა და 52-ე წუთზე ტორსტენ როჩერის გოლით 1:0 გაიმარჯვა.
ლუკა ლოჩოშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ლასკ-თან მატჩამდე გუნდმა გამოაქვეყნა ვარჯიშზე გადაღებული ქართველი მცველის და მისი თანაგუნდელის – კრისტოფერ ვერნიცნიგის სურათი, სადაც ეწერა: „ბევრი დაგვიკავშირდა, რათა მადლობა გადაუხადოს ლუკა ლოჩოშვილს და კრისტოფერ ვერნიცნიგს „აუსტრიას“ წინააღმდეგ საქციელისთვის. ჩვენ – „ვოლფსბერგერი“ ვამაყობთ, რომ საკუთარ რიგებში გვყავს ასეთი მოთამაშეები“.
ვენაში, ბუნდესლიგის 21-ე „აუსტრიასთან“ 0:1 წაგებული მატჩის გმირი დამარცხებული გუნდის ქართველი მცველი გახდა. სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა მასპინძელთა ფეხბურთელ ჯორჯ ტეიგლის, რომელმაც ორთაბრძოლის შემდეგ გონება დაკარგა, პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და როგორც შემდეგ ითქვა, შესაძლოა, მისი სიცოცხლე გადაარჩინა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული 22 ტურის შემდეგ „ვოლფსბერგერმა“ 37 ქულა დააგროვა და ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ლოჩოშვილი მესამე სეზონია „ვოლფსბერგერის“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა. 22 წლის მცველმა მიმდინარე სეზონზე ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული 22 შეხვედრიდან 20 ითამაშა, ორიც ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.