Voetbal International-ის ჟურნალისტმა „აიაქსს“ მიმართა - მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში ბევრად უკეთესად იყენებენ #1TVSPORT
„მე ვნახე გიორგი მიქაუტაძის საერთაშორისო თამაშები, რომელიც არასოდეს დამავიწყდება და ვფიქრობ, რომ მისი პოტენციალი „აიაქსში“ სათანადოდ ვერ გახსნეს“, – ამის შესახებ საფეხბურთო ჟურნალისტი ლენტინ გუდიკი ნიდერლანდულ გამოცემა Voetbal International-ში წერს.
„გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში კვალი დატოვა. „აიაქსის“ თავდამსხმელმა ორ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. ჯამში მან ოთხმოცდაათი წუთი ითამაშა (58 და 32).
22 წლის თავდამსხმელმა ისტორია დაწერა თავის ნაკრებში ტაილანდის წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში. მიქაუტაძემ ჩვიდმეტ წუთში სამი გოლი გაიტანა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა შოთა არველაძის შემდეგ. მეორე ტაიმში მიქაუტაძემ მეოთხე გოლიც გაიტანა, რაც უნიკალური მიღწევაა საქართველოს ნაკრების ისტორიაში.
გაკვეთილი ამ საერთაშორისო შესვენებიდან შემდეგია – მიქაუტაძე თავდამსხმელია. „აიაქსში“ მან მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა, თანაც როგორც 10 ნომერმა და არა თავდამსხმელად, მაგრამ ის საქართველოს ნაკრებში, რომელიც 5-3-2 სისტემით თამაშობს, ბევრად უკეთესად გამოიყურება“, – წერს Voetbal International-ის ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსიდან“ გაუშვეს მორის სტეინი, რომელმაც გიორგი მიქაუტაძეს თავის გამოვლენის შანსი არ მისცა. ბოლო პერიოდში ნიდერლანდურ მედიაში ქართველი თავდამსხმელის მხარდასაჭერად არაერთი წერილი გამოქვეყნდა.