ვლოცულობდი, ხვიჩა „ნაპოლიში“ რომ წასულიყო და ჩვენთან არ ეთამაშა - კაშიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა #1TVSPORT
ბრატისლავას „სლოვანის“ ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ სლოვაკურ გამოცემა sport.aktuality-სთან ინტერვიუში არ დამალა, რომ ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრამდე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლამ გაახარა.
„ვლოცულობდი, რომ ხვიჩა წასულიყო „ნაპოლიში“ და ჩვენთან არ ეთამაშა. ის წარმოუდგენელი ტალანტია. მარცხენა გარემარბი, რომელიც ბურთით წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს. ვინმესთან რომ მომიწიოს მისი შედარება, ეს ვლადო ვაისია. რა თქმა უნდა, არ მინდა ვთქვა, რომ ის უკეთესია, მაგრამ ის უფრო ახალგაზრდაა“, – ამბობს კაშია.
მან მეტოქის სხვა ძლიერ მოთამაშეებზეც ისაუბრა.
„გუნდში რამდენიმე შესანიშნავი უცხოელი მოთამაშეა, მაგალითად, ბრაზილიელ თავდამსხმელ ფლამარიონს გამოვარჩევდი. ასევე გამოვარჩევ ჯიღაურს, დავითაშვილს, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავი მატჩები ჩაატარა. დაცვაში ეროვნული ნაკრების სამი მოთამაშეა: აზაროვი, კობახიძე და ჩაბრაძე. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდს დიდი გამოცდილება აქვს. ყველა რგოლში არიან კარგი მოთამაშეები, რომლებიც საჭირო ბალანსს ქმნიან. შესაძლოა, ეს სიტყვები ჩემგან ზედმეტად დადებითად ჟღერს, მაგრამ ეს ჩემი ქვეყნის კლუბია“.