ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ოლიმპიადის ჩატარების ამბიცია გაამჟღავნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან იგორ ჟდანოვთან და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან სერგეი ბუბკასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საჭიროა გეგმის შემუშავება ქვეყანაში ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად.
„გვჭირდება გარკვეული გეგმა იმისთვის, რომ მზად ვიყოთ დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში ყველაფრის ასაშენებლად. ასეთ შემთხვევაში შეგვეძლება რიგში ჩადგომა და ოლიმპიადის მიღება. ამბიციურები უნდა ვიყოთ.
უნდა მივცეთ დავალება ჩვენი მთავრობის წევრებს, რომლებიც ეძებენ ინვესტიციებს, უნდა მივცეთ დავალება ჩვენს ბიუჯეტს, რათა ყოველწლიურად გამოიყოს ფული ობიექტების ასაშენებლად, რომლებსაც ოლიმპიადისთვის გამოვიყენებთ. უნდა ვცადოთ მაინც ამ მიზნის მიღწევა“, – მოჰყავს ზელენსკის სიტყვები უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურს.
ამასთან, სერგეი ბუბკამ აღნიშნა, რომ უახლოესი შესაძლო თარიღი უკრაინისთვის არის – 2030 ან 2032 წელი.