ვლადიმირ ვაისმა სასტუმრო „ჰუალინგში“ პრესკონფერენცია გამართა და ხვალ სომხეთთან ერთა ლიგის მე-5 ტურის გასამართ მატჩზე ილაპარაკა. თუმცა, თავიდან კითხვები ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებაზე იყო დასმული.
„რა თქმა უნდა, მაკედონიასთან მატჩის შემდეგ ყველასთვის რთული ღამე იყო, მოთამაშეებისთვისაც და ჩემთვისაც. ყველაფერი დაცვაში დაშვებულმა ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა. მეტოქეს ყველა შეხვედრაში მცირე შანსი ჰქონდა და ყველა გამოიყენეს, ჩვენ კი, სამწუხაროდ, ადრეც და ამ მატჩშიც უფრო მეტი შანსები გვქონდა და ვერ ვისარგებლეთ“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.
ცხადია, მან სომხეთთან მოახლოებულ მატჩის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„ხვალინდელი მატჩი სომხეთთან მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვოთ და B ლიგაში დავწინაურდეთ. ხვალ შანსი სხვა მოთამაშეებსაც მიეცემათ, ვინც ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშა“.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაკრებს ტოვებს და მომავალ მწვრთნელზეც ისაუბრა:
„არ ვიცი, ჩემს შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვინ იქნება. მგონია, ცუდი არ იქნებოდა თემურ ქეცბაიას და ჩემი მიქსი. რაც შეეხება ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშეებს, მათ დიდი მომავალი გააჩნია. აქ გატარებული 5 წელი ყოველთვის მემახსოვრება“.
15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში „დინამო-არენაზე“ სომხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 18 ნოემბერს – ესტონეთს. წლის დასკვნით მატჩებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.