ვლადიმირ ვაისის სიაში ჩაკვეტაძე, ნავალოვსკი და ზარანდია არ არიან - შანსი არველაძეს, ხარაბაძეს და პარუნაშვილს
18 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები შეიკრიბება და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას დაიწყებს. წლის სადებიუტო მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 18 მარტიდან დაიგეგმა და ეროვნული ნაკრები სასტუმრო ჰუალინგში იცხოვრებს.
პირველ ოფიციალურ თამაშს ქართველი ფეხბურთელები შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარებენ – მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. ხოლო 26 მარტს გუნდი დუბლინში ირლანდიას ესტუმრება. თამაში თბილისის დროით 23:45 აიღებს სტარტს. ორივე მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შვეიცარია-ირლანდიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: პოლონური კორონას 21 წლის ქართველი ლეგიონერი – ვატო არველაძე. რაც შეეხება გიორგი გაბედავას, ცნობა მის გამოძახებაზე სიმართლე არ აღმოჩნდა. სასიამოვნო სიახლეა, რომ ვაისმა მიიწვია დანიური ესბიერგის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა პარუნაშვილი, რომელის შესანიშნავ სეზონს ატარებს.
ვაისის სიაში უგუნდო თორნიკე ოქრიაშვილიცაა. როოგრც ჩანს, ვაისი შეკრებაზე დააკვირდება და გაარკვევს, შეძლებს თუ არა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თამაშს. გარკვეული პაუზის შემდეგ, სიაში მოხვდა საბა ლობჟანიძე, რომელიც დანიურ რანდერსში გამოდის. სლოვაკმა სპეციალისტმა კიდევ ერთი ახალგაზრდა გამოიძახა – შვეიცარიული ციურიხის მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე, რომელიც კლუბში ადგილს იმკვიდრებს.
სიაში არაა გიორგი ნავალოვსკი, რომელიც სწორედ მარცხენა მცველის პოზიციაზე გამოდის და ახლახანს ბათუმის დინამოში ჩაირიცხა. ასევე არაა ლუკა ზარანდია, რომელი პოლონეთის ჩემპიონატში სისტემატურად თამაშობს და გუნდის ლიდერია – ის მხოლოდ გაფართოებულ სიაშია. სამწუხაროდ, სიაში არც გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა, რომელიც დღემდე არ თამაშობს და გაუგებარია, მის თავს რა ხდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კლუბი მის ტრავმას მალავს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) თორნიკე ოქრიაშვილი
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა,რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:
ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი) ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი) გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი ), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი) , გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი).