ვლადიმირ ვაისი - „უპირველესი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა“
ვლადიმირ ვაისი - „უპირველესი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა“

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი აცხადებს, რომ მეტოქეთაგან ყაზახეთის ნაკრებს ყველაზე კარგად იცნობს.

„ყველაზე უკეთ ყაზახეთის ნაკრებს ვიცნობ, მაგრამ მათი მწვრთნელიც მშვენივრად იცნობს ჩემს ტაქტიკას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყაზახების ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ“, – აცხადებს ვაისი და ამატებს, რომ გუნდის უმთავრესი მიზანი, ამ ეტაპზე, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, მომავალი გეგმები კი მხოლოდ ამის შემდეგ დაისახება, – „ბუნებრივია, ჩვენს მეტოქეებსაც ზუსტად იგივე მიზანი აქვთ, ამიტომ მატჩები იოლი არ იქნება. ცუდია, რომ მხოლოდ 2-3 დღეა რაც ვემზადებით, ყაზახებს კი ამისათის ერთი კვირა აქვთ. მოკლედ რომ ვთქვათ, შესაძლოა, ჩვენ ფავორიტებად ვითვლებოდეთ, თუმცა მატჩის შედეგი მხოლოდ მოედანზე ირკვევა“.

ვაისი ხელოვნურ საფარზე თამაშის პლიუსებსა და მინუსებსაც შეეხო და განაცხადა, რომ უარყოფითი შედეგის შეთხვევაში, საფარის ხარისხი გასამართლებელი საბუთი ვერ იქნება.

„მართალია, ტრავმის შემდეგ ხელოვნურ საფარზე თამაში რთულია, მაგრამ ეს გამართლება მაინც ვერ იქნება. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მსგავს კონდიციაში თამაშს მიჩვეულები არიან. თორნიკე ოქრიაშვილი მათ შორისაა. მან თავად მითხრა, რომ ხელოვნური საფარი მისთვის პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 6 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული გუნდი „ერთა ლიგის“ პირველ მატჩს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მისი ხილვა პირველი არხის ეთერში შეგიძლიათ.