ვლადიმირ ვაისი - საქართველოს ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება
ხვალ თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის მორიგი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ანდორის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა პრეს კონფერენცია გამართა, რომელზეც ჩვენს ნაკრებსა და მეტოქეზე ისაუბრა:
ვლადიმირ ვაისი: „ამჟამად გამოკვეთილი თავდამსხმელი მხოლოდ ნიკა კაჭარავა გვყავს, თუმცა საქართველოს ნაკრებში ხარისხიანი ფეხბურთელები თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ნიკას, მართალია, სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ მჯერა, რომ მას ხვალ თავის გამოჩენა შეუძლია.
ჯანო ანანიძე 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის და თუ ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა მოვლენები, მის მოედანზე გამოყვანას არ გამოვრიცხავ. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ შესაძლოა სწორედ ჯანოს გამოყვანა დაგვეხმაროს ამ მატჩის მოგებაში.
არ არის გამორიცხული, რომ ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე დავიწყოთ თამაში. ყველაფერს ხვალ ნახავთ.
გიორგი ლორიას სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ ის დინამოში ვარჯიშობს და მისი გამოცდილების იმედი გვაქვს. ის ჩვენი ძირითადი მეკარეა.
ანდორას კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავს და მათი უძლიერესი მხარე მათი მწვრთნელია. თუმცა, საქართველოს უფრო ხარისხიანი შემსრულებლები ჰყავს და მჯერა, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება“.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ, 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრებს 6 შესაძლებლიდან 6 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ ანდორას 4 ქულით უსწრებს. ლატვიასა და ყაზახეთს თითო ქულა აქვთ და ხვალ, რიგაში, ერთმანეთს ეთამაშებიან.