ვლადიმირ ვაისი - ნაკლებად მაინტერესებს ერთა ლიგის ნახევარფინალის მეტოქე, ჩვენს საკუთარ თავს უნდა დავეყრდნოთ
„დიახ, ჩვენ მოვახერხეთ ჯგუფში გამარჯვება, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია,“ – განაცხადა „აზერისპორტთან“ ინტერვიუში ვლადიმირ ვაისმა, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის პირველ ჯგუფში გამარჯვება და პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი აზერბაიჯანულ გამოცემასთან „ჯვაროსნების“ დარჩენილ ორ შეხვედრასა და ერთა ლიგაზე ჩვენი გუნდის შესაძლო მეტოქეებზე ილაპარაკა –
„დარჩენილ ორ ტურში, შევეცდებით, მაქსიმალური ქულები დავაგროვოთ. ერთა ლიგის ნახევარფინალში ვისთან დაპირისპირებას ველი? იქ იქნება ოთხი თანაბარი ძალის გუნდი, რომლებიც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას შეეცდებიან. ჩვენ სხვა ჯგუფების თამაშებსაც ვუყურებთ, სადაც არიან ფავორიტები, ზოგან სიურპრიზებიც მოხდა. მაგრამ ვარაუდებით ლაპარაკი არ მსურს. უპირველესად, ჩვენ საკუთარ თავს და თამაშს უნდა დავეყრდნოთ.“