ვლადიმირ ვაისი - კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლა ქართული ფეხბურთისთვის კარგი ნიშანია [ვიდეო] #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი - კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლა ქართული ფეხბურთისთვის კარგი ნიშანია [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლა განხილვის თემა გახდა არა მხოლოდ საქართველოსა და იტალიაში, არამედ რუსეთსა და სლოვაკეთშიც.

 

არეანაპოლი

კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოში“ მორიგი სუპერგოლი ქუთაისის „ტორპედოს“ გაუტანა. ეს თავდამსხმელი ინსინიეს მემკვიდრედ ითვლება. მას ასევე შეუძლია მარჯვნიდან თამაში, მაგრამ საუკეთესოდ მუშაობს როგორც შემტევი გარემარბი მარცხენა მხარეს, სადაც შეუძლია თამაშის დრიბლინგით გამწვავება და დასრულება.

ცხადია, კვარაცხელიას სერია A-ში უფრო გაუჭირდება, ვიდრე რუსეთისა და საქართველოს ჩემპიონატებში. თუმცა, როგორც ჩანს, კარგი პოტენციალი აქვს და „ნაპოლის“ გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ინსინიეს შესაფერის მემკვიდრეს იხილავენ.

 

Gazetta dello Sport

„დე ლაურენტისმა მომავალ სეზონში „ნაპოლის“ პირველი შენაძენი გამოაცხადა. ეს არის ნიჭიერი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, შემტევი გარემარბი, რომელიც ამჟამად ბათუმის „დინამოშია“. მასთან „ნაპოლი“ დიდი ხანია, კავშირშია და სავარაუდოდ, ინსინიეს დატოვებულ სიცარიელეს შეავსებს“.

 

ეს დიდი ტრანსფერია

ვლადიმირ ვაისი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი:

„ხვიჩას იტალიაში თავის გამოჩენა შეუძლია. სათანადო თვისებები რომ არ ჰქონდეს, „ნაპოლი“ არ დაინტერესდებოდა. 3 წლის წინ, როდესაც სრულიად ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, საქართველოს ნაკრებში გამოვიძახე და შანსი მე მივეცი. ვიცი მისი შესაძლებლობები და მჯერა, რომ ყველაფერი გამოუვა. ეს დიდი ტრანსფერია. „ნაპოლიში“ გადასვლა კარგი ნიშანია არა მხოლოდ მისთვის, არამედ, ქართული ფეხბურთისთვის. ხვიჩა ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა ნათელი გონებით და საქმეს სწორედ თუ მიუდგება, დიდი კარიერა ელის. „ნაპოლისთვისაც“ ჩინებული შენაძენია”.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა

„ვხედავ როგორ ვარჯიშობს და მუშაობს. ვფიქრობ, ყველაფერი გამოუვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა. თუ ხვიჩა ამას მიიღებს, „ნაპოლიში“ ათამაშდება“, – ეს ჯანო ანანიძემ „სპორტ-ექსპრესთან“ განაცხადა.

 

იქ მწვრთნელი სპალეტია

იური სიომინი, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი

„ხვიჩა იმ გუნდში წავიდა, სადაც მას ძირითად შემადგენლობაში ხედავენ. ინსინიემ „ნაპოლი“ დატოვა და მის ნაცვლად წაიყვანეს. გარდა ამისა, იქ მწვრთნელი სპალეტია, რომელიც ხვიჩას რუსეთის ჩემპიონატიდან (სპალეტი „ზენიტის“ მწვრთნელი იყო) კარგად იცნობს – ეს დადებითია. მთავარი ისაა, რომ კვარაცხელია მუდმივად უმატებდა. „ლოკომოტივის“ შემდეგ „რუბინში“ კიდევ უკეთესი გახდა. საქართველოს ნაკრებშიც იგივე მოხდა. ეს მისი ზრდის მაჩვენებელია. ხვიჩა ნიჭიერი ფეხბურთელია. დრო გვიჩვენებს, ითამაშებს თუ არა ის სერია A-ს დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოს იტალიური, თავისიანად რომ მიიღონ. ნეაპოლი საქართველოს ჰგავს – სხვა ბევრი მომენტიცაა, რომელიც ხელს უწყობს, რომ თავი გამოიჩინოს. ის ტალანტია და წარმატებებს ვუსურვებ“.

 

როგორ ვაპირებთ მისი გვარის გამოთქმას?

აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Sky Sport-თანაც ისაუბრა. „ნაპოლის“ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველის მიმართ ინტერესი და მის რთულად გამოსათქმელ გვართან დაკავშირებით იხუმრა:

„კვარაცხელია? ის უკვე ჩვენი ფეხბურთელია. როგორ ვაპირებთ მისი გვარის გამოთქმას? რამე დავარქვათ, მაგალითად, მე ჯორჯოს დავუძახებ. მის მიმართ ყველა დიდი პატივისცემით უნდა განვეწყოთ“, – თქვა ლაურენტისმა.