ვლადიმირ ვაისი - კვარაცხელია უდიდესი ტალანტია და „ნაპოლიში“ ინსინიეს შესაცვლელად მზად არის #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გამოცემა „ჩემპიონატთან“ განაცხადა, რომ ბათუმის დინამოს ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მანამდე ყაზანის „რუბინში” თამაშობდა, „ნაპოლიში” გადასასვლელად მზად არის.
„ვფიქრობ, ხვიჩა მზად არის „ნაპოლიში“ გადასასვლელად. მას აქვს ყველა თვისება, რომ შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშოს. თუ ტრანსფერი განხორციელდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, მაგრამ საამისოდ ყველა თვისება გააჩნია“, – თქვა ვაისმა.
სლოვაკმა სპეციალისტმა „ჩემპიონატის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში ქართველი თავდამსხმელის გამორჩეულ თვისებებზეც ისაუბრა:
„ფაქტია, რომ „ნაპოლი“ კარგი გუნდია, ხვიჩას კი ინსინიეს ნაცვლად იოლად შეუძლია თამაში. ვფიქრობ, ის გამოავლენს თავის თვისებებს: სიჩქარე, დრიბლინგი, პასი. ხვიჩა უდიდესი ტალანტია და მას შეუძლია დიდი კარიერის აწყობა“.
კვარაცხელიამ სეზონი ყაზანის „რუბინში“ დაიწყო. უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, მარტში თათრეთის რესპუბლიკის კლუბმა განაცხადა, რომ ფეხბურთელთან ხელშეკრულება შეაჩერა. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კვარაცხელიამ სანაკრებო შეკრებაზე წასვლამდე „რუბინთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა და ბათუმის „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.