ვლადიმირ ვაისი - კვარაცხელია „დორტმუნდში“ სათამაშოდ 100 პროცენტით მზადაა
ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა რუსული გამოცემა „ჩემპიონატის“ ინფორმციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ყაზანის „რუბინთან“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებას დორტმუნდის „ბორუსია“ აწარმოებს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დარწმუნებულია, რომ ხვიჩა 100 პროცენტით მზად არის „დორტმუნდში“ სათამაშოდ.
„კარგი ფეხბურთელები მზად არიან ყველაფრისთვის, ხვიჩა კი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ „ბორუსიაში“ ტრანსფერი განხორციელდება, ეს მისთვის ძალიან კარგი იქნება. ჩემი აზრით, ხვიჩა გერმანიაში სათამაშოდ 100%-ით მზადაა“, – განაცხადა ვაისმა „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში.
სლოვაკი სპეციალისტი დარწმუნებულია რომ კვარაცხელიას დიდი პოტენციალი გააჩნია.
„ასეთი მოთამაშეები საქართველოში ბევრი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გააგრძელებს ის თავის კარიერას. როგორ იმოქმედებენ მასზე აგენტები და მწვრთნელები. ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია, ვარჯიშებზე ძალიან ყურადღებიანია… ახლა ის საუკეთესო რუსი მწვრთნელისა და ჩემი კარგი მეგობრის, ლეონიდ სლუცკის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. ის კარგ ხელშია, მას კი წარმოუდგენელი ნიჭი აქვს. დიახ, უყვარს ბურთის „თრევა“, მაგრამ უნდა გააგრძელოს ტაქტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა. მას აქვს ღმერთისგან ბოძებული ნიჭი იმისა, რომ თამაშის ბედი მარტომ გადაწყვიტოს“, – ამბობს ვაისი.