ვლადიმირ ვაისი კონფერენს ლიგის წილისყრაზე - „შტურმში“ თამაშობს ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელია #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგის 1/16 ფინალის წილისყრაზე, სადაც მისი გუნდი (გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ) ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმს“ დაუპირისპირდება.
„მინდოდა, „აიაქსს“ შევხვედროდით. ყველა ჩვენგანისთვის კარგი გამოცდილება იქნებოდა ასეთ დიდ გუნდთან თამაში, მაგრამ გრაცის „შტურმს“ არანაკლებ კარგი გუნდი ჰყავს. იქ თამაშობს ოთარ კიტეიშვილი, საქართველოს ნაკრებში ჩემი ყოფილი მოთამაშე, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია.
ავსტრიის ლიგას ზოგჯერ ვუყურებ. იქ ვარსკვლავები არ არიან, მაგრამ როცა მხოლოდ „ზალცბურგს“ ჩამორჩები, ეს რაღაცაზე მეტყველებს. კარგად უნდა გავაანალიზოთ მოწინააღმდეგე და დავიჯეროთ, რომ 1/8 ფინალში გასვლისთვის ბრძოლა შეგვიძლია.
კარგი ისაა, რომ შორს გამგზავრება არ მოგვიწევს, ბრატისლავიდან გრაცამდე არაუმეტეს სამასი კილომეტრია, გულშემატკივარიც ადვილად წამოვა ჩვენი გუნდის თამაშის სანახავად. მჯერა, გრაცში შესანიშნავ გარემოში ვითამაშებთ და მიზანს მივაღწევთ“, – აცხადებს ვლადიმირ ვაისი.
„სლოვანი“ „შტურმთან“ პირველ მატჩს 15 თებერვალს სტუმრად ჩაატარებს, ერთ კვირაში კი მეტოქეს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.