ვლადიმირ ვაისი - ხვიჩას თავი არ დაუკარგავს და იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე.
„ხვიჩა ახალგაზრდაა, მაგრამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ თავი არ დაუკარგავს, ის გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. „ნაპოლის“ მან ფლანგზე აგრესია შემატა. ძალიან კარგი ბიჭია და საკუთარი შესაძლებლობების სჯერა. თავისი ნიჭით ის „ნაპოლის“ ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.
მომავალში მას კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ. კვარაცხელია იტალიური ფეხბურთისა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავია. ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო“, – განაცხადა ვაისმა Sport 42-თან ინტერვიუში.
საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი იტალიაში გასულ ზაფხულს გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა. კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.