საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის C2 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრამდე „დინამო-არენას“ მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა და მომავალ შეხვედრაზე, გუნდის მზადებასა და მეტოქეზე ილაპარაკა,
„მიხარია, რომ დიდი ხნის შემდეგ თბილისში ისევ გხვდებით. ჩრდილოეთ მაკედონია ძლიერი გუნდია და ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს. ეს მათი გამოსვლებით მტკიცდება,“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაკო გვილიაზე ილაპარაკა და კომენტარი კაშიასა და ყაზაიშვილის ბელორუსთან ჩამოსვლის შესაძლებლობაზეც გააკეთა:
„გვილიას ტრავმა არ ჰქონდა, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ის ახლა სრულიდ დატვირთვით ემზადება და ხვალინდელი მატჩისთვის მზად იქნება. რაც შეეხება ყაზაიშვილსა და კაშიას, პანდემიის გამო, ამერიკიდან ევროპაში ჩამოსვლა გართულდა. მაგრამ კლუბთან კომუნიკაცია გვქონდა და შეგვპირდნენ, რომ გამოუშვებენ. იმედი გვაქვს, რომ ბელორუსისთვის ორივე მზად იქნება“.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა ერთა ლიგის C2 ჯგუფში 8 სექტემბერს „დინამო-არენაზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და უმაყურებლოდ ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.