ვლადიმირ ვაისი - ჩაკვეტაძის გამოსყიდვა შეუძლებელია, მაგრამ მჯერა, „სლოვანში“ დარჩება #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი - ჩაკვეტაძის გამოსყიდვა შეუძლებელია, მაგრამ მჯერა, „სლოვანში“ დარჩება #1TVSPORT

ბრატისლავას „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტული დაიცვა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და გენერალურმა დირექტორმა, ივან კმოტრიკ-უმცროსმა გამოცემა aktuality-თან გუნდის უახლოეს საკადრო გეგმებზე ისაუბრეს და ქართველი ფეხბურთელებიც ახსენეს.

„ფეხბურთელების დასახელებისას კმოტრიკს ქართველი ვირტუოზის, გიორგი ჩაკვეტაძის სახელი არ უხსენებია. ბელგიური „გენტის“ მოთამაშის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მისი წასვლა გამორიცხული არ არის, მაგრამ შეიძლება ასე არ მოხდეს, რადგან „სლოვანში“ ჩაკვეტაძის დარჩენის სურვილი აქვთ“, – წერს სლოვაკური გამოცემა.

„ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ვცდილობ, ისე ვიმუშაო, რომ გულშემატკივრები კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ მე ჯერ ვერაფერს გავამხელ“, –  განაცხადა „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა.

ვლადიმირ ვაისმა კი ცოტა მეტი გაამხილა: „ძალიან ბევრი საქმეა და „სლოვანმა“ ზაფხულში ტრანსფერებზე გონივრულად უნდა იმუშაოს. კლუბში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა: ვაისი-უმცროსი, კანკავა, კაშია, კუცკა, ჩავრიჩი, დე მარკო. ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც გახდებიან „სლოვანის“ მომავალი. ამ მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ წინდახედული და გონივრული. ტიტულის შენარჩუნება ადვილი არ არის.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ის „გენტიდან“ იჯარით დავიმატეთ, რომელთანაც გვაქვს შეთანხმება, რომ შეგვიძლია ხელახალი მოლაპარაკება. თუმცა, ის ძვირადღირებული მოთამაშეა, რომლის გამოსყიდვასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ. ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს ტრანსფერზე გონივრული შეთანხმებით. მას აქ დარჩენა სურს და ეს კარგია. ჩაკვეს ესმის, რომ უნდა დატოვოს „გენტი“, სადაც დაბრუნება არ სურს. ტრანსფერით ან იჯარით ყველა მხარე უნდა იყოს კმაყოფილი. თუმცა, მჯერა, რომ ჩაკვეტაძე „სლოვანში“ დარჩება“.