ვლადიმირ ვაისი - ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ხალხი გავახარეთ
ვლადიმირ ვაისი - ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ხალხი გავახარეთ

„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომელშიც საქართველომ ყაზახეთი 2-1 დაამარცხა, „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ბიჭებს, დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ასეთი კარგი ატმოსფერო შექმნეს სტადიონზე. ბედნიერი ვარ, რომ გავახარეთ ქართველი ხალხი, რომელსაც ფეხბურთი უზომოდ უყვარს. ძალიან რთული მეტოქე და რთული თამაში იყო, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ეს თამაშიც მოვიგეთ, ჯგუფური ეტაპიც და ნახევარფინალს თბილისში ვითამაშებთ.“ – განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.

იმის შესახებ კითხვას, თუ რამდენი მილიონით გაზრდიდა ჩაკვეტაძის ფასს დღევანდელი თამაში, ვაისმა საკმაოდ ფრთხილი პასუხი გასცა – „ჩაკვეტაძე 19 წლისაა და უკვე გუნდის ლიდერია, ეს ამ ასაკის ბიჭისთვის დიდი მიღწევაა. ის მსოფლიო დონის ტალანტია. მაგრამ  იმედია, ის პროგრესს გააგრძელებს და უფრო მაღალ დონეზე, სადაც საქართველოს ნაკრები მალე ითამაშებს, თავს ასევე გამოავლენს.“

რაც შეეხება „ბარსელონას“ ინტერესზე დასმულ კითხვას, ვაისმა იხუმრა –

„გუშინ ვესაუბრე კატალონიური კლუბის პრეზიდენტს, რა თქმა უნდა ვხუმრობ. კარგი იქნება, თუ გიორგი პროგრესს გააგრძელებს და დიდ კლუბში მოხვდება. მას დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ყველანაირი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ფრთხილები უნდა ვიყოთ. გიორგიმ ჯერ ლატვიის, ანდორის და ყაზახეთის დონეზე გამოავლინა თავი. მე მჯერა, რომ ის ზრდას გააგრძელებს და უფრო მაღალ დონეზეც კარგად ითამაშებს.“

ყაზახთა მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა, აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მის გუნდს ყველაზე მეტი პრობლემა ქართველთა ათიანმა შეუქმნა.

„დღეს კარგი შეხვედრა იყო, ორივე გუნდმა ნამდვილი ფეხბურთი აჩვენა. გუშინაც ვთქვი, რომ საქართველოს ნაკრები უკეთესი გუნდია და დღეს ჩემი სიტყვები გამართლდა.  ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ათმა ნომერმა შეგვიქმნა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, გოლის გატანაც შეგვეძლო. მეორე ტაიმში კი ზონების და ჩაკვეტაძის ჩაკეტვა აღარ გამოგვივიდა.“ – განაცხადა სტოილოვმა.