ვლადიმერ ვაისი - იმედია, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასევე წარმატებით ვითამაშებთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი გათამაშება ესტონეთთან ტალინში მოგებით დაიწყო (1:0). გუნდის სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ნაკრების გამოსვლით კმაყოფილი დარჩა.
„ტურნირის პირველ მატჩში სამი ქულა მოვიპოვეთ და რა თქმა უნდა, ამით კმაყოფილი ვართ. მატჩის დაწყებამდე ცოტა ვღელავდი, რადგან ზოგიერთ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლდა. მაგრამ დღეს ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. ჩვენ სამი-ოთხი კარგი მომენტი შევქმენი და კიდევ ერთი გოლის გატანა და თამაშის შედეგის გადაწყვეტა საფინალო სასტსვენამდე ადრე შეგვეძლო“, – ამბობს ვლადიმერ ვაისი.
გამარჯვების გოლის ავტორი ნიკა კაჭარავა გახდა. მან ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით გაიტანა, რომელიც მხოლოდ 19 წლისაა და უკვე რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ყაზანის „რუბინის“ ლიდერია. ვაისმა ამის შესახებაც ილაპარაკა. „კვარაცხელია დიდი ტალანტია. მას ყველაფერი აქვს და დღეს მოედანზე მართლაც საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მაგრამ ეს გასაკვირი არაა, თუ რუსეთის პრემიერლიგაში მის მიერ ნაჩვენებ ხარისხს გავითვალისწინებთ. იმედი მაქვს, რომ ის ისეთივე კარგი ფეხბურთელი იქნება, როგორც გიორგი ქინქლაძე, ლევიან კობიაშვილი, ან შოთა არველაძე. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, გუნდი მას მხარს დაუჭერს“.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კაჭარავაც გამოარჩია: „ასევე ძალიან მოხარული ვარ, რომ კაჭარავამ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ნაკრებში გოლის გატანა რომ მოახერხა. ის ბევრს მუშაობდა როგორც კლუბში, ასევე ნაკრების შეკრებაზე“.
ვლადიმერ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი შეხვედრაც ახსენა: „პირველი თამაში და მისი შედეგი ყველა ტურნირზე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ თამაშს ასევე წარმატებით გავაგრძელებთ და შემდეგ მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც მოვიგებთ”.
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ჩარტერული რეისით დაბრუნდება და ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას ადგილზე განაგრძობს. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება „დინამო არენაზე“ რვა სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ეროვნულ ნაკრებთა მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.