ვლადიმერ სტეფანია - ბიზნესსა და სპორტზე წიგნების დაწერას ვაპირებ [ვიდეო] #1TVSPORT

სლოვენიურმა გამოცემა „სპორტკლუბმა“ ვლადიმერ სტეფანიასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ვოვა 1998 წელს NBA-ში სწორედ სლოვენიიდან წავიდა და პირველი ქართველი იყო, რომელმაც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა.

„სლოვენიას ჩემს გულში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, – ამბობს სტეფანია, – ლიუბლიანაში ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვდივარ. ახლაც მაქვს კავშირი სლოვენიელებთან, ბორის გორენცთა, ჩემს ყოფილ აგენტ ზორან მარტიჩთან. ვეკონტაქტები თანაგუნდელებს“.

 

საქმიანობა

„კვების სფეროში, ექსპორტ-იმპორტში ვარ ჩართული. ასევე მაქვს სამედიცინო დაწესებულება, სადაც ვზრუნავთ ასაკოვან პაციენტებზე. უნდა ითქვას, რომ კორონავირუსმა ძალიან იმოქმედა ჩემს საქმიანობაზე, თუმცა ვიმედოვნებ, მალე ყველაფერი დასრულდება. ერთადერთი, რაც მენატრება სპორტია. კარიერა ტრავმის გამო ადრე (28 წლის ასაკში) დავასრულე. მიწევდა ნაოპერაციევი მუხლების მკურნალობა. აღდგენა მოვახერხე, მაგრამ თამაში ვერ შევძელი. შინ არაერთი სპორტული ინვენტარი მაქვს და ახლაც რეგულარულად ვვარჯიშობ“.

 

ომი

„ვთანამშრომლობდი NBA-სთან და ჩინეთში NBA-ს წარმომადგენლობასთან. ასევე სპორტული კუთხით ჯერ ვსწავლობდი და შემდეგ ვმუშაობდი გაეროში და საქართველოს საელჩოსთან. თუმცა 2008 წელს ომის შემდეგ კრიზისი დაიწყო და ბევრი პროექტი ჩაიშალა.

იმ პერიოდში საქართველოდან ევროპასა და ამერიკაში თხილი გამქონდა, თუმცა ეს ბიზნესიც ჩავარდა.

ადგილზე გაჩერება არ მიყვარს. ბევრს ვმუშაობ. კალათბურთელობისას მხოლოდ ვარჯიშებზე ვფიქრობდი, ახლა, როცა 24 საათი მაქვს თავისუფალი, სწავლასაც დიდი ყურადღება მივაქციე და დოქტორის ხარისხიც მივიღე. ვიცი, როგორ ვიშრომო და როგორ გადავრჩე“.

 

წიგნი

„ვაპირებ წიგნის დაწერას – როგორ გავხდეთ ბიზნესმენი. ამ სფერიში წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე. საკუთარ განათლებასა და განვითარებაში საკმარისად ფული დავაბანდე. ვიცი, რა მოეთხოვება ლიდერს და როგორ უნდა გაუძღვე ერთი საქმის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს. როცა სისტემა მუშაობს, შედეგიც მოდის“.

 

ბავშვი

„ჩინელი მეუღლე მყავს. ჩემი შვილი ხუთი წლისაა. სპორტი უყვარს. ცურვაზე დადის. თუმცა ცოტა ხანში კალათბურთზე გადავა. სპორტი ჩემს გენშია. ახლაც მუდმივად ვადევნებ თვალს NBA-ის თამაშებს. სამწუხაროდ, სიეტლს ლიგაში გუნდი აღარ ჰყავს. როცა დრო მაქვს, პორტლენდის თამაშებზე დავდივარ“.

 

დონჩიჩი

„ლუკა დინჩიჩის თამაშებს ხშირად ვუყურებ. მას პირადად სიამოვნებით შევხვდებოდი და ვეტყოდი, რომ დიდებული სოციალური კაპიტალია მთელი სლოვენიისთვის. სპორტში ფულის დაბანდება ძალიან საფრთხილო ამბავია, თუმცა ამავე დროს რამდენიმე წელზე გათვლილი საუკეთესო ინვესტიციაა, რომელსაც შედეგი აუცილებლად მოაქვს“.

 

25 წელი

„25 წელი შესრულდა მას მერე, რაც სლოვენიის „ოლიმპიამ“ ევროლიგის ოთხთა ფინალი ითამაშა. მოხარული ვარ, რომ ისტორიულ მომენტში სწორედ „ოლიმპიაში“ ვთამაშობდი. ახალგაზრდა გუნდი გვყავდა, თუმცა დიდი ბიუჯეტის მქონე ბევრი გუნდი დავამარცხეთ – „პანათინაიკოსი“, „ბარსელონა“, „ბოლონია“… 1997 წლის ევროლიგურ ამბებს ხშირად ვიხსენებ. ადრე თუ გვიან ჩემს კარიერაზე წიგნს დავწერ და სლოვენიურ ამბებს დიდ ადგილს დავუთმობ.

ცალკე მსჯელობის თემაა ზაგრებში „ციბონასთან“ თამაში. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა. თავდაჯერებული ვიყავი. რაც მთავარია, იმ მატჩის მოგებით ევროლიგის 1/2 ფინალში გავედით. ზაგრებული დაპირისპირება ჩემი ცხოვრების სარკეა – ვიბრძოლე ბოლომდე და გავიმარჯვე. დღესაც ბოლომდე ვიბრძვი. ახალი გამოწვევის არ მეშინია და ბოლოს გამარჯვებული გამოვდივარ“.

 

საქართველო

„როდესაც საქართველოდან სლოვენიაში გადავედი. ძალიან ახალგაზრდა გახლდით. მენტალურად არ ვიყავი მზად პროფესიული კარიერის დასაწყებად. მამაჩემი არქიტექტორია. ხატვა მეც მიყვარს. მან კალათბურთში ჩამრთო. ამას არ ვნანობ, თუმცა გაცილებით იოლი იქნებოდა მთელი ინვესტიცია განათლებაში რომ ჩაგვედო.

მამაჩემი ახლაც საქართველოშია. გამოგიტყდებით იქ ერთგვარად დაუცველად ვგრძნობ თავს. რატომ? იმიტომ, რომ მოსკოვში არის დიქტატორი, რომელსაც შეუძლია ქვეყნების ბედის შეცვლა. ხედავთ რა ხდება უკრაინაში?! 2008 წელს საქართველოშიც ომი იყო. საშინელებაა. …და ეს 21 საუკუნეში ხდება“.

 

უკრაინა

„სიეტლის მიდამოებში 100 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს. ყველა მობილიზებულია, სამშობლოს ეხმარება. ძალიან მძიმე თემაა. არადა, დღეს უნდა ვფიქრობდეთ მომავალზე, გლობალურ დათბობაზე, წყლის რესურსების გაფრთხილებაზე, ტექნოლოგიების განვითარებაზე და უამრავ ადამიანურ საკითხზე. ომმა კი 1939 წელში დაგვაბრუნა…“