ვლადიმერ პუტინი - რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან უთანხმოების მშვიდობიან დარეგულირებაზე
რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან უთანხმოების მშვიდობიან დარეგულირებაზე, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ არასდროს გვითქვამს დავების მშვიდობიან დარეგულირებაზე უარი. მეტიც, ჩვენ სწორედ ამისკენ ვიყავით მომართული. ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი 2014 წელს. ყველაფერი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო“, – განაცხადა პუტინმა.
მან ისაუბრა უკრაინასთან ბელარუსსა და თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებების შედეგად ორივე მხარის მიერ პარაფირებული იყო დოკუმენტი.
„როგორც იცით, შემდეგ დასავლეთის ზეწოლით უკრაინულმა მხარემ უარი თქვა ამ შეთანხმებებზე. შეგახსენებთ, მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინა ვერ მოაწერს ხელს დოკუმენტს „საფეთქელთან მიდებული იარაღით“, საჭიროა კიევიდან ჯარების გაყვანა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. როგორც კი ეს გავაკეთეთ, ჩვენი შეთანხმებები სანაგვეზე მოისროლეს“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის მიწვეული შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო კონფერენციაზე.
„ახლა დააყენეს შვეიცარიაში რაღაც კონფერენციის გამართვის იდეა. ჩვენ იქ არ გვეპატიჟებიან. მეტიც, მიაჩნიათ, რომ ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება და ამავე დროს ამბობენ, რომ ჩვენ გარეშეც ვერაფერს გადაწყვეტენ. ვინაიდან ჩვენ იქ არ მივდივართ, ამბობენ, რომ ჩვენ უარს ვაცხადებთ მოლაპარაკებებზე. ჩვენ არ დავუპატიჟებივართ და ამბობენ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მოლაპარაკებებს ვემხრობით, ოღონდ არა ჩვენთვის რამე სქემების თავს მოხვევის ფორმატში, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთი მზად არის კონსტრუქციული მუშაობისთვის.
თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სრულად ემხრობა რუსეთის ხელისუფლების პოზიციას უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით. ბელარუსის პრეზიდენტის მტკიცებით, პუტინმა მას ანახა სტამბოლში პარაფირებული დოკუმენტი.
„სერიოზული წინსვლა იყო: რუსებმაც წინ წაიწიეს და უკრაინელებმაც. თუმცა მერე, ნათელია, ჩამოვიდნენ, თქვეს: „მიდი, იომე ბოლო უკრაინელამდე“, – განაცხადა ლუკაშენკომ.