ვლადიმერ პუტინი - ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს, უკრაინის შემდეგ თავს დაესხას ევროპას, არის სისულელე
ვლადიმერ პუტინი - ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს, უკრაინის შემდეგ თავს დაესხას ევროპას, არის სისულელე

ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს, უკრაინის შემდეგ თავს დაესხას ევროპას, არის სისულელე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, დასავლეთი აღნიშნულ ცნობებს საკუთარი მოსახლეობის შესაშინებლად ავრცელებს. მისი თქმით, აშშ-ის სატელიტებს ეშინიათ დიდი და ძლიერი რუსეთის, თუმცა ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

„ჩვენ არ გვაქვს აგრესიული განზრახვები ამ სახელმწიფოების მიმართ. შესაძლებლობა, რომ თავს დავესხათ სხვა ქვეყნებს, მათ შორის, პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, ჩეხეთს, ეს არის სრული სისულელე. კიდევ ერთი მცდელობაა, რომ მოატყუონ საკუთარი მოსახლეობა“, – აღნიშნა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთი არ აპირებს ნატო-სთან ომს, ხოლო განსხვავება სამხედრო ხარჯებში საკმაოდ დიდია. მისი თქმით, 2022 წელს აშშ-ს 811 მილიადი დოლარის ოდენობის სამხედრო ხარჯი ჰქონდა, ხოლო რუსეთს – 72 მილიარდის.

„ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ვაპირებთ თუ არა ომს ნატო-სთან? ეს სრული სისულელეა“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზდენტმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს საზღვრებისკენ რუსეთი არ მიიწევდა და ეს პირიქით მოხდა.

„ჩვენ არავის შევხებივართ, ჩვენკენ მოდიოდნენ. ჩვენ რა, ოკეანის იქით, აშშ-ის საზღვართან გადავიდოდით? არა, ისინი ჩვენ გვიახლოვდებიან და მოგვიახლოვდნენ. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ჩვენ მხოლოდ ვიცავთ ჩვენს ხალხს, ჩვენსავე ისტორიულ ტერიტორიებზე“, – დასძინა პუტინმა.